რუსეთი აფხაზეთის მისაერთებლად ზეწოლას ზრდის

12-08-2022 14:53:39 კონფლიქტები

მოსკოვმა ასლან ბჟანიას გუნდთან სრულ ურთიერთგაგებას მიაღწია, – სადღეისოდ ეს უკვე შემდგარი ფაქტია. ბოლო დროს მათი ურთიერთობა გადაზრდილია ჭეშმარიტად ურთიერთსასარებლო თანამშროლობაში, რომელიც, როგორც თავად ბჟანია ამბობს, ნდობასა და მეგობრობას ემყარება. მაგრამ არსებობს ის, რასაც ჩვენი პრეზიდენტი არ ამბობს, - რომ ეს არის ურთიერთსასარგებლო თანამშროლობა არა რუსეთსა და აფხაზეთს, არამედ მოსკოვსა და პირადად მას შორის – ფორმულით “დამკვეთი - შემსრულებელი”. და ეს უკვე ყოველ ნაბიჯზე ვლინდება, სრულიად განსხვავებულ საკითხებში, რომელთა შორის ერთ-ერთი, არც მეტი, არც ნაკლები, სახელმწიფო საზღვრის გაუქმებაა.

ვერ მოასწრო მთელი ცივილიზებული მსოფლიოდან განდევნილი პროპაგანდისტული RT-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა, მარტში სოხუმში ვიზიტისას ამ “სამარცხვინო, რუსეთის მოქალაქეების ღირსების შემლახველი” საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმების სურვილი გამოეთქვა - და ასლან ბჟანია სასწრაფოდ შეუდგა აფხაზეთში საკითხის ლობირებას. ოღონდ სახელმწიფო საზღვრის ფაქტობრივ გაუქმებას იგი “მიმოსვლის გამარტივებად” ასაღებს და ხაზს უსვამს, რომ ეს უკანასკნელი 2014 წლის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებითაა გათვალისწინებული, - აქაოდა, “ჩემს წინამორბედებს მოჰკითხეთ, ყველაფერი ჩემამდე ბევრად ადრე გადაწყდაო”.

არადა, სოცქსელში სიმონიანის მეგობრებიც კი მაშინვე მიხვდნენ, რომ მის მიერ მარტში გამოთქმული “სურვილი” სხვას არაფერს წარმოადგენდა, თუ არა მინიშნებას იმაზე, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანდეს. "როდის მოდიან, სამხრეთ ოსეთის მსგავსად, რუსეთის შემადგენლობაში? ახლა ხომ საამისოდ საუკეთესო მომენტია"; "ეგერ, ოსეთს უკვე სურს ჩვენთან გაერთიანება და კარგი იქნება, აფხაზებმაც მიბაძონ"; "ვფიქრობ, მალე აფხაზეთიც შეგვეხვეწება ძლიერ მეზობელს მის შეფარებას. უარს ნამდვილად არ ვიტყვით", — წერდნენ სიმონიანის პუბლიკაციის ქვეშ კომენტატორები. ხოლო რუსეთის საგარეო უწყებასთან ერთობლივი მედიაცენტრი, რომლის გასახსნელადაც იყო კრემლის პროპაგანდისტი მარტში სოხუმში ჩასული, სწორედ იმისთვის ჩამოყალიბდა, რომ ხელი შეუწყოს მოსკოვი-ბჟანიას ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას მოსახლეობის ტვინის ეფექტურ რეცხვაში, რათა რუსეთის ამ და სხვა დაკვეთების აღსრულებას დაბრკოლებები არ შეექმნას.

სიმონიანის მარტის მინიშნებით გამოწვეული ეჭვები მხოლოდ გამძაფრდა მაისის ბოლოს, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის სხდომის შემდეგ. «…დავაყენეთ ფსოუზე სასაზღვრო გადასასვლელის ლიკვიდაციის საკითხი, იმის მსგავსად, როგორც ეს ბელარუსთან განხორციელდა» - აცნობა მაშინ ჟურნალისტებს აფხაზური დელეგაციის წევრთა მდუმარე თანხმობის პირობებში კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა. ამგვარად ფაქტობრივად გამოცხადდა აფხაზეთის სტატუსის შეცვლა, - სახელმწიფო საზღვრის ლიკვიდაციის საკითხის განხილვის ფაქტს ხომ სხვაგვარად ვერ შეაფასებ.

ხოლო “მოქალაქეთა კომფორტზე ზრუნვის” თვალთმაქცური საწებელი აქ ნამდვილად ვერ გადაფარავს რუსეთის ხელისუფლების ანექსიური გეგმების მწარე გემოს. დიახ, თითქოსდა ჩატარებული რეკონსტრუქციის მიუხედავად, საკონტროლო-გამშვები პუნქტი “ფსოუ” კვლავინდებურად “იხრჩობა”, განსაკუთრებით ზაფხულში. მაგრამ რუსულ მხარეს რომ რეალურად ანაღვლებდეს საკუთარი მოქალაქეების კომფორტის უზრუნველყოფა, დიდი ხნის წინ გამოიყენებდა ახალ ტექოლოგიებს – ინტერნეტ-სისტემებს, ელექტრონულ რესურსებს და ა.შ. - და სასაზღვრო შემოწმებების დრო მყისიერად შემცირდებოდა. გარდა ამისა, ამჟამინდელ პირობებშიც კი დაბრკოლებები და შეფერხებები რუსულ მხარეზე იქმნება და არა აფხაზურზე, განსაკუთრებით კომერციული ტვირთების გადაადგილებისას. ამასთან დაკავშირებით აფხაზების ჩივილს რუსეთი წლების განმავლობაში იგნორირებდა, ის კი არა და პირდაპირ ვთქვათ, ათასგვარი ახალ-ახალი საბაბით წლობით ურთულებდა აფხაზ მეწარმეებს ყოფას – როგორც ჩანს, “მოქალაქეების კომფორტზე ზრუნვის” გამო.

რაც შეეხება ასლან ბჟანიას, ჩვენი პრეზიდენტი რომ რეალურად ზრუნავდეს მოქალაქეებზე, თან არა მარტო რუსეთისაზე, არამედ უპირველესად საკუთარ მოსახლეობაზე (რომლის მიერ რუსეთის მოქალაქეობის მასობრივად ფლობას იგი ბოლო დროს საეჭვოდ ხშირად უსვამს ხაზს), მაშინ არ დაივიწყებდა მეორე მიმართულებას, რომელზეც აფხაზეთს ასევე გააჩნია სახელმწიფო საზღვარი - ენგურს. აქ პრობლემის გადაჭრა, სხვათა შორის, დიდ სარგებელს მოიტანდა არა მარტო მოქალაქეთა კომფორტის კუთხით: ადამიანებისა და ტვირთების გადაადგილების, ასევე მომსახურების გამარტივება აფხაზეთს საკუთარი ეკონომიკის დამოუკიდებლად განვითარების ნანატრ დაწყებაში, დროთა განმავლობაში კი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაში და რაც მთავარია, რუსეთზე სრული დამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა. მაგრამ არა, ამ მიმართულებით მოძრაობის დაწყების ყველა მცდელობა ძირშივე იბლოკება.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აქ მხოლოდ პრეზიდენტი როდია დამნაშავე. იგივე ბჟანია სულ რაღაც ერთი წლის წინ სადავო პოლიტიკური საკითხების გვერდის ავლით თბილისთან დიალოგისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის დაწყების ინიციატივით გამოდიოდა. მეტიც, პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს საკითხი აფხაზეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშიც აისახა. მაგრამ თბილისმა სოხუმს დუმილით უპასუხა, მოსკოვმა მალევე მიგვითითა “სწორი გზა”, აფხაზურმა რევანშისტულმა ოპოზიციამ კი ტრადიციულად, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აფხაზი ხალხისაზე მაღლა დააყენა, ბჟანიას გუნდს ღალატში სრულიად პოპულისტური ბრალდებები წაუყენა და ამით საუკეთესოდ შეუწყო მოსკოვს ზეწოლაში ხელი. შედეგად ეს პუნქტი საგარეო პოლიტიკური კონცეფციიდან ამოიღეს, მასთან ერთად კი გაქრა აფხაზეთის უალტერნატივო შანსიც, “სტრატეგიულ მეგობარზე” სრული დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულიყო.

გავიდა წელიწადი. და რა მივიღეთ? მოსკოვს, როგორც ჩანს, აფხაზეთის ნაკუწ-ნაკუწ შთანთქმა მობეზრდა და გადაწყვიტა, ერთიანად ჩაგვყლაპოს, აფხაზი ხალხის მომავალთან ერთად. ასლან ბჟანიას გუნდი კი, როგორც ჩანს, აღარაფერზე იხევს უკან რუსეთის სურვილების აღსასრულებლად.

ამ დღეებში, ისევ და ისევ სიმონიანის “სპუტნიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო პუნქტის არსებობას “არქაულად და ორი ქვეყნის ურთიერთობების თანამედროვეობისთვის შეუსაბამოდ” მიიჩნევს. ამასთან, მისი აზრით, “მიმოსვლის გამარტივებას” ორივე მხარე “თბილად მიიღებდა”. საიდან გამოაქვს ასლან ბჟანიას დასკვნა ამ იდეისადმი აფხაზური საზოგადოების “თბილი” დამოკიდებულის შესახებ, გაუგებარია.

«ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ბუნებრივია, საზღვარი არ უნდა წაიშალოს. იგი უნდა არსებობდეს, იგრძნობოდეს, ვიცოდეთ, სად მთავრდება ჩვენი და იწყება მეზობელი სახელმწიფო” – ამბობენ აფხაზი იურისტები. სახელმწიფო საზღვრის გაუქმების ინიციატივისადმი “თბილ” დამოკიდებულებას ვერც სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში წააწყდებით, თუ არ ჩავთვლით სამთავრობო ტროლების კომენტარებს.

დიახ, ევროპაში, მაგალითად, არსებობენ სახელმწიფოები, რომელთა შორის საზღვარს მხოლოდ ფორმალური – ასფალტზე გავლებული ხაზის სახე აქვს. მაგრამ ამ სახელმწიფოთაგან არც ერთი არაა რუსეთი, რომლის პრეზიდენტს უკვე საჯაროდ აქვს გაცხადებული “დიადი იმპერიის აღსადგენად რუსული მიწების შეგროვების” გეგმა. და არათუ გაცხადებული აქვს, უკვე სიტყვიდან საქმეზეც გადავიდა, დაიწყო რა უკრაინით. ხოლო როგორც 4 აგვისტოს სკანდალურ პუბლიკაციაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს დიმიტრი მედვედევს წამოსცდა, პუტინის იმპერიალისტურ სიაში, მათ შორის, აფხაზეთიც ფიგურირებს.

ასე, რომ რბილად რომ ვთქვათ, უცნაურ საკითხში განიზრახა ასლან ბჟანიამ ევროპის დაწევა და გადასწრება – არა გარდაქმნებში, რეფორმებში, კანონმდებლობის დახვეწაში, კორუფციასთან ბრძოლასა და ყველაფერ დანარჩენში, რაც აფხაზეთს ფეხზე წამოდგომაში, რუსეთზე ფინანსური დამოკიდებულებისგან გათავისუფლებასა და დამოუკიდებელი განვითარების დაწყებაში დაეხმარებოდა, არამედ სახელმწიფო საზღვრის ლიკვიდაციაში მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და ყველაზე აგრესიულ ქვეყანასთან, რომელიც აღარც მალავს აფხაზეთის შთანთქმის გეგმას.

ინალ არისთავა

_____________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომმელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები