
ცხინვალში "თავდაცვის მინისტრი" და მისი მოადგილე გადააყენეს
12/08/2022 11:50:53 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა "თავდაცვის მინისტრი" ვლადიმირ ფუხაევი და მისი მოადგილე იგორ ალბოროვი თანამდებობებიდან გადააყენა.
«სამინისტროს თანამშრომლის მიერ სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ცემის ინციდენტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვლადიმირ ფუხაევი და იგორ ალბოროვი თანამდებობებიდან თავისუფლდებიან», - ნათქვამია, ოსური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ხსენებული ინციდენტი 4 აგვისტოს ცხინვალის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის ტერიტორიაზე მოხდა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ნიღბიანმა პირებმა ცხინვალის მკვიდრი აზამატ ჯიგკაევი ცემეს და შემდეგ სამსახურებრივი ავტომანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.