
ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი "ილო" გაიხსნა
15/08/2022 06:42:19 რეგიონები, რეკლამა
ქუთაისში საერთაშორისო ფოტო-ფესტივალი "ილო" გაიხსნა.
ფესტივალის ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია, თანაორგანიზატორი -კომპანია „ოქროს პეპელა“.
ღონისძიება გალერეა "ილოს" პრეზენტაციით დაიწყო, რომელსაც ესწრებოდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, პარლამენტარი ზაზა ლომინაძე, ფოტო-კონკურსის ორგანიზატორები და მონაწილეები.
"ქუთაისი მეთექვსმეტედ მასპინძლობს ფოტო-კონკურსს "ილო", რომელიც უკვე საერთაშორისო ფოტო-ფესტივალის სტატუსით იმართება. ფოტოგრაფ ილო ხახიაშვილის მიერ გადაღებული ფოტოები ყველა ქუთაისელის ოჯახშია. ილო იყო ქუთაისის ნამდვილი მემატიანე და ქალაქმაც სათანადო პატივი მიაგო მის ხსოვნას. წელს ფოტო-ფესტივალის მიზანია ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების დარგის განვითარება საქართველოში, საერთაშორისო სტატუსის დამკვიდრება - გაძლიერება; ახალგაზრდა , ნიჭიერი ფოტო - მოყვარულების გამოვლენა - წახალისება; ილო ხახიაშვილის სახელისა და ღვაწლისადმი პატივის მიგება. კონკურსის მონაწილეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. წინ სამი საინტერესო დღე გველოდება"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ღონისძიება ტარდება ტრადიციული სლოგანით „იცხოვრე, დარჩი!“ ,კინო-თეატრ "საქართველოში" გაიხსნა საკონკურსო ფოტოების გამოფენა და გაიმართა ილო ხახიაშვილის გახსენების საღამო. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულია საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ინტერნეტ და რეალურ საგამოფენო სივრცეებში; საგანმანათლებლო და შემეცნებითი ნაწილი (ვორქშოპები, მასტერკლასები, პრაქტიკული გადაღებები, თემატური ექსკურსიები); დაჯილდოების საზეიმო ცერემონია. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.