Accentnews.ge
ნელი დოროყაშვილის ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, ჩოგბურთელი ბრალდებას "სისულელეს" უწოდებს

ნელი დოროყაშვილის ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს, ჩოგბურთელი ბრალდებას "სისულელეს" უწოდებს

16/08/2022 13:11:13 სამართალი

საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ყოფილ ცოლს ნელი დოროყაშვილს შორის სასამართლო დავა დაზარალებულის გამოკითხვის ეტაპზეა გადასული. ამ სტატუსით დღეს სასამართლო სხდომაზე ნელი დოროყაშვილი გამოჰკითხეს.

როგორც დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე დოროყაშვილმა განაცხადა, ბასილაშვილმა მასზე პირველად ქორწილში იძალადა:

"ჩვენ ერთმანეთი გავიცანით 2011 წელს, წელიწადნახევრის შემდეგ გადავწყვიტეთ ქორწინება, სექტემბერში ოფიციალურად დავქორწინდით. რთული იქნება რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა. ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და ახლიდან გავიცანი ნიკოლოზი დაქორწინების შემდეგ. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური - ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, ნიკოლოზს ეჩხუბებოდა. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. ძალიან მეტკინა, მაგრამ ემოციურად უფრო რთული იყო, ვერ მივხვდი საერთოდ რა მოხდა - როდესაც შენი მეუღლე გიჯდება გვერდით და ასეთ რაღაცას გიკეთებს. ვკითხე, რა ხდებოდა და არ მიპასუხა. მახსოვს, დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო, არც კი მიფიქრია, რომ ის ხმამაღლა დამელაპარაკებოდა. მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით. მე აღმოვაჩინე ქორწილის დღეს, რომ სხვა ადამიანი გავიცანი".

ნელი დოროყაშვილის განცხადებით, მასზე ხშირი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ქორწინებიდან 5-6 თვის შემდეგ დაიწყო და ეს არ შეწყვეტილა არც მაშინ, როცა ფეხმძიმედ იყო:

"2015 წელს ჩვენ ბავშვი შეგვეძინა. მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზის დამოკიდებულება იყო, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი. მე მას ვემორჩილებოდი. ისე აღმოჩნდა, რომ ორსულობის განმავლობაში თითქმის მარტო ვიყავი, შემდეგ მშობიარობის დღესაც მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი... ქორწილიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, მოხსენიება დამაკნინებელ ასპექტში, ამას მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა... ყოფილა შემთხვევა, როცა კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ და თვალებდახუჭულზე ცივი წყალი ჩაუსხამს ყურში. ესეთი ქმედებები იყო სხვადასხვა სახის: თმებით თრევა, საჭმელების თავზე დაყრა... გარკვეულ წარმატებას რომ მიაღწია, გამომიცხადა, მე ვარ მეფე და მე უნდა მოვქცეულიყავი მისი ქვეშევრდომივით".

ნელი დოროყაშვილმა მოსამართლეს ასევე უთხრა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ეშინოდა, მისი ეს ქმედებები არ გადაეღო.

დღევანდელ პროცესზე დისტანციურად ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩაერთო. მანამდე, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე წარმოადგინა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისმის საუბარი, როგორ მიმართავს იგი ყოფილ მეუღლეს კითხვით, რატომ ძალადობდა მასზე.

ამ ჩანაწერთან დაკავშირებით მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკოლოზ ბასილაშვილს სთხოვა, დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, რა დროსაც მან ძალადობის ფაქტი უარყო და ბრალდებას "სისულელე"უწოდა.

რაც შეეხება თვითონ ვიდეოს შინაარსს, როგორც დოროყაშვილმა აღნიშნა, კონფლიქტი მათ შორის აშშ-ში, სასტუმროში ყოფნისას მოხდა, რა დროსაც მას ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაარტყა ჩანთა, რომელშიც ჩოგნები იდო. მისი თქმით, ჩანაწერი 2018 წლითაა დათარიღებული.

„რის გამო მირტყამდი, რა ღირსი ხარ შენ ვინმეს უყვარდე. ნაძირალა ხარ. ჩემი სახელი არასდროს ახსენო. ამდენ დარტყმას და ჩემს ცემას ღმერთი არასდროს გაპატიებს, ჩემზე უსამართლო დარტყმას. წადი აქედან, საერთოდ მომშორდი”, - მიმართავს დოროყაშვილი ბასილაშვილს ვიდეო ჩანაწერში.

ამის შემდეგ მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს მიმართა დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი.

„ასეთ სისულელეზე როგორ ჩავერთო, არაფერი ჩანს ამ ვიდეოში. მახსოვს იდგა და გიჟივით ყვიროდა, რატომ მირტყამდიო. ვიდეოში ჩანს რომ ვიგინები? ჩემთვის ვიდექი წყნარად… ავიღე ახალი ნომერი და გავედი მშვიდად. ამ ვიდეოში ჩანს ჩემი მხრიდან ძალადობა? რაზე უნდა გავაკეთო კომენტარი?”- განაცხადა ბასიალშვილმა სასამართლო სხდომაზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ, ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით, 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

ნიკოლოზ ბასილაშვილს 24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100-ათასლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S