ელჩი დეგნანი – „ოცნებიდან“ წასული დეპუტატების განცხადებაზე: "ბრალდებები უაზრო შეთქმულების თეორიაა, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება"

17-08-2022 12:44:20 პოლიტიკა

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი "ქართული ოცნებისგან" წასული დეპუტატების მორიგ ანტიდასავლურ განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ის ბრალდებები, რაც მათ ამერიკის საელჩოს წაუყენეს უაზრო შეთქმულების თეორიაა, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება.

"მე ზუსტად არ ვიცი, რას ან ვის წარმოადგენს ეს ჯგუფი ან რამდენად განსხვავდებიან მმართველი პარტიისგან, რომელიც, როგორც თავად ამბობენ, დატოვებული აქვთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მათ წაუყენეს ამერიკის საელჩოსა და სხვებს არის უაზრო შეთქმულების თეორია, რომელიც არანაირი ფაქტით არ მყარდება. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამერიკის საელჩო მუშაობს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან საქართველოში და ასე ვიქცევით ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ ასე გვესმის საქართველოს მხარდაჭერა, რომ ამ ქვეყანამ განავითაროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ეკონომიკა და უფრო უსაფრთხო და სტაბილური ქვეყანა გახდეს. ეს არის ის, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ვაკეთეთ და რის კეთებასაც კვლავ გავაგრძელებთ. ნებისმიერი ბრალდება, რომ თურმე ჩვენ ვართ დამნაშავე ამ პოლარიზაციაში, რომელიც აქ არის, წარმოადგენს ბრალის გადატანის მცდელობას დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ეხმარებიან ამ ქვეყანას. ეს პოლარიზაცია აქ იყო ჯერ კიდევ მანამ, სანამ მე ჩამოვიდოდი და მე ვთავაზობ ქართველ ხალხს გაიხედოს წარსულში და დაინახოს, საიდან მოვიდა ეს პოლარიზაცია. გავრილოვის ღამე, არშესრულებული დაპირებები, არადემოკრატიული ქმედებები სწორედ აქედან მოდის პოლარიზაცია და არა დასავლელი პარტნიორებისგან", -აცხადებს კელი დეგნანი.

16 აგვისტოს "ქართული ოცნებიდან" წასულმა დეპუტატებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა და მიხეილ ყაველაშვილმა მორიგი ანტიამერიკული წერილი გაავრცელეს. ისინი აშშ-ის საელჩოს საქართველოს სუვერენიტეტსა და ქვეყნის ინსტიტუტების მიმართ "უხეშ და უპატივცემულო დამოკიდებულებაში" ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები