
ერევანში თვლიან, რომ სავაჭრო ცენტრში აფეთქება რუსეთმა მოაწყო
17/08/2022 11:57:33 კავკასია
ერევანში თვლიან, რომ სავაჭრო ცენტრში აფეთქება რუსეთმა მოაწყო. ეს მოსაზრება, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად მუსირებს სომხურ საზოგადოებასა და საინფორმაციო სივრცეში, რუსეთის საელჩომ დღეს "გამიზნულ პროვოკაციად" შეაფასა.
"აღშფოთებულები ვართ სომხურ საინფორმაციო სივრცეში გავრცელებული ცრუ ცინიკური ბრალდებებით რუსული უწყებების წინააღმდეგ. ეს არის გარკვეული პოლიტიკური ძალების პირდაპირი პროვოკაცია, რომელიც რუსეთ-სომხეთის სამოკავშირეო ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრაზეა მიმართული. მსგავსი არამეგობრული გამოხტომების აღსაკვეთად სომხეთის ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ველით. შესაბამისი ნოტით უკვე მივმართეთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს" - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარი აფეთქებისა და შემდგომი ხანძრის შედეგად სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა, ორი მოქალაქე უგზო-უკვლოდაა დაკარგული.