Accentnews.ge
რუსეთი-უკრაინა: მოლაპარაკებები შეუძლებელია

რუსეთი-უკრაინა: მოლაპარაკებები შეუძლებელია

18/08/2022 20:38:29 ანალიზი

უკრაინულ ქალაქ ლვოვში დღეს თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების – რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა. იმავე დღეს ჩატარდა სამმხრივი 40-წუთიანი მოლაპარაკებები, რომელშიც გაერო-ს გენმდივანი ანტონიუ გუტერეშიც მონაწილეობდა. “აქცენტი” ამ საუბრების მიზნებსა და შედეგებზე უკრაინელი და რუსი ანალიტიკოსების მოსაზრებებს გთავაზობთ.

სამხედრო ექსპერტი და პოლიტოლოგი ოლეგ ჟდანოვი

“არავისთვის იყო საიდუმლო, რომ ერდოღანი ლვოვში პრეზიდენტ ზელენსკისთვის მოსკოვთან მოლაპარაკებათა პროცესის განახლების შესათავაზებლად ჩადიოდა. თუ თურქულ მედიას დავეყრდნობით, ერდოღანი ამ კუთხით მნიშვნელოვნად ეყრდნობა ხორბლის საკითხებზე მომუშავე ოთხმრივ ჯგუფს და თვლის, რომ ეს კარგი პლატფორმაა მოლაპარაკებათა პროცესისთვის. მაგრამ ამ ომის საკითხში თურქეთისა და უკრაინის პოზიციების კარდინალური განსხვავების გათვალისწინებით, ნათელი იყო, რომ აქ შეხების წერტილების პოვნა გაჭირდებოდა.

გაერო-ს პოზიციას აქ არ ვითვალისწინებ და სიმართლე რომ ვთქვათ, მას პოზიცია არც გააჩნია, თუ იმით ვიმსჯელებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ფაქტობრივად, ვერაფერში გვეხმარება, ჰუმანიტარული საკითხების, მათ შორის ტყვეთა გაცვლის პრობლემის ჩათვლითაც კი.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ დააფიქსირა უკრაინის პოზიცია: ჯერ რუსული ჯარის სრულად გაყვანა და მხოლოდ ამის შემდეგ მოლაპარაკებები.

ზოგადად, თუ დავაკვირდებით, რუსეთი მოლაპარაკებების თემაზე მაშინ იწყებს საუბარს, როცა უკრაინულ მხარეს საცეცხლე უპირატესობა უჩნდება. ახლა, როცა ასეთი უპირატესობა გამოიკვეთა, მსოფლიო მედიაში პოლიტიკოსების, ექსპერტების, ლობისტებისა და სხვათა განცხადებების მძლავრი ტალღაა აგორებული, რომელიც მოსკოვის მხრიდან მოლაპარაკებათა სურვილზე, კრემლის მხრიდან მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომის მზაობაზე მიგვანიშნებს. მანამდე, აგვისტოს დასაწყისში, თუ გავიხსენებთ, მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებაც კი, რომ 5 აგვისტოს ერდოღანთან შევედრაზე პუტინმა ამ ხნის განმავლობაში პირველად, ზელენსკისთან უმაღლეს დონეზე შეხვედრის მზადყოფნაც კი დააფიქსირა, მაშინ, როცა აქამდე მუდმივად უარს აცხადებდა პრეზიდენტ ზელენსკის ანალოგიურ შეთავაზებებზე.

რაც შეეხება მთელს ამ პროცესში თურქეთის პრეზიდენტის ინტერესს, მსგავსი შუამავლობით იგი პოლიტიკურ ქულებს იგროვებს. ერდოღანს სურს, უმაღლესი რანგის პოლიტიკოსად იქცეს და მსოფლიო პოლიტიკურ ოლიმპზე ჯო ბაიდენის გვერდში იდგეს. შეიძლება, ითქვას, რომ ერდოღანი საკუთარი პოლიტიკური კარიერის ფორმირებას ეწევა და პოლიტიკურ წონას იკრებს. წმინდა თურქული ინტერესის საკითხების წამოწევის პარალელურად, იგი ცდილობს, იქცეს ახლო აღმოსავლეთისა და შესაძლოა, ცენტრალური აზიის არაფორმალურ ლიდერადაც კი. ასე, რომ ერდოღანი თავს მსოფლიო დონის პოლიტიკოსად ზრდის”.

რუსი პოლიტოლოგი იგორ იაკოვენკო:

“ამ ომში ერდოღანი უკრაინის სიტუატიური მოკავშირეა, მისი დახმარება ნამდვილად ხელშესახებია – “ბაირაქტარები” იქნება ეს თუ სხვა დანარჩენი. რუსეთისთვის კი მისი სიტუატიური მოკავშირეობა საკმაოდ მყიფეა სანდოობის თვალსაზრისით: ერდოღანი ასევე ავტორიტარია, ასევე იმპერიალისტი და დიახ, პუტინს მისი გარკვეული შიშიც კი აქვს. ეს დღეს ირიბად იმ ფაქტითაც დადასტურდა, რომ უკრაინაში გაერო-ს გენმდივნის ამასწინანდელი ვიზიტისგან განსხვავებით, რუსულმა არმიამ დღეს მოლაპარაკებათა ადგილის სიახლოვეს საჰაერო იერიშების მიტანა ვერ გაბედა.

რაც შეეხება ერდოღანის დაინტერესებას, დიახ, უდავოდ, თურქეთის ლიდერი პირად სტატუსს იმაღლებს.

თუმცა თავად რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები არათუ უმაღლეს, არამედ თუნდაც მეტ-ნაკლებად სერიოზულ (არა ჯამბაზი მედინსკისა და მისნაირების) დონეზე თვალსაწიერ მომავალში წარმოუდგენლად მიმაჩნია, რადგან ვერ ვხედავ კომპრომისის ვერც ერთ წერტილს. რის შესახებ შეიძლება დღეს საუბარი? - პუტინს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს გაქრობა აქვს გამოცხადებული მიზნად, უკრაინა კი, რომელიც ამ ომის დასაწყისში აგრესიისგან თავდაცვით ქმედებებს ახორციელებდა, დღეს უკვე პირდაპირ აყენებს მიზანს, რუსეთი არათუ 24 თებერვლამდელ, არამედ 1991 წლის დროინდელ პოზიციებამდე უკუაგდოს (დღეს უკვე არა მარტო ახლადოკუპირებული ტერიტორიების, არამედ დონბასისა და ყირიმის გათავისუფლებაზეა საუბარი)... სად შეიძლება, იყოს აქ კომპრომისის წერტილი?! მე მას ვერ ვხედავ.

უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა გამორიცხულია: რომც წარმოვიდგინოთ, რომ ხელისუფლება ამაზე წამსვლელი იყოს (თუმცა სადღეისოდ მსგავსი ფიქრის არანაირი საფუძველი არ გვაქვს), იგი თითქმის სრულადაა დამოკიდებული ხალხის ნებაზე. რაც შეეხება პუტინის რეჟიმს, ზედაპირზე შეიძლება, ისე ჩანდეს, რომ რაკი რუსეთი ტოტალიტარული ქვეყანაა, პუტინის რეჟიმი ხალხზე დამოკიდებული საერთოდ არაა, მაგრამ მაინც არსებობს გარკვეული ზღვარი: ქვეყნისგან პუტინის დამოუკიდებლობის აბსულუტირება არ ღირს და რუსეთში უკვე არსებობს იმის ნიშნები, რომ წაგებულის სიტუაცია “მუშაობას” იწყებს. რუსეთში ხომ წაგებულები არათუ არ უყვართ, მათ საკმაოდ სწრაფად სპობენ. პუტინი ამ ყველაფერს გრძნობს და ეშინია, ამდენად, ბოლომდე ითრევს ფეხს დათმობებზე წასვლისა და უკან დახევისგან. ამდენად, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ მისი შეხვედრა ზელენსკისთან?! ან რა უნდა უპასუხოს პუტინმა ამ ფანტასტიკურ შეხვედრაზე ზელენსკის, რომელიც ეტყვის, “გაიყვანე შენი საოკუპაციო ჯარი ჩემი ქვეყნიდან და ცხვირი აღარასოდეს შემოყოო”?! პუტინს არაფერი ექნება საპასუხოდ!

ასე, რომ ამ ეტაპზე არც მათი შეხვედრა, არც ზოგადად რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები მიმაჩნია რეალისტურად. ეს უფრო ერდოღანის თამაშია საკუთარ ინტერესში”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S