Accentnews.ge
“ეს ყველაფერი პუტინისთვის ძალზე მტკივნეულია, დიდი სირცხვილია და ეჭვგარეშეა, მას პასუხის გაცემა მოუნდება”

“ეს ყველაფერი პუტინისთვის ძალზე მტკივნეულია, დიდი სირცხვილია და ეჭვგარეშეა, მას პასუხის გაცემა მოუნდება”

19/08/2022 10:57:06 ანალიზი

მთელი ღამის განმავლობაში როგორც რუსეთში, ისე მის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ობიექტები ფეთქდებოდა და იწვოდა. პირველი ცნობები მსგავსი ინციდენტების შესახებ ჯერ კიდევ საღამოხანს გაჩნდა.

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის მხარის დაბა ტიმონოვოში (რუსეთი, უკრაინის საზღვრიდან 50 კმ) არსებულ სამხედრო საწყობში გაჩენილი ხანძრის თაობაზე. საბრძოლო მასალების დეტონაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. რუსული მედიის ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი მიმდებარე სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ ბელგოროდის მხარეში იმ რუსული სამხედრო ნაწილების საწყობები ფეთქდებოდა, რომლებიც უკრაინული იზიუმის მიმართულებაზე იბრძვიან.

აფეთქებების ხმა ისმოდა ანექსირებული ყირიმის სხვადასხვა ლოკაციაზეც.

ქერჩის (ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილი, ყირიმის ხიდის სიახლოვე) მაცხოვრებლებმა ამის შესახებ პირველი პუბლიკაციები სოცქსელებში საღამოხანს განათავსეს. ისინი საჰაერო განგაშის სირენის ჩართვის შესახებაც იუწყებოდნენ. თავის მხრივ, საოკუპაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აფეთქებების ხმა “ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მუშაობით” ახსნეს და განაცხადეს, რომ “არც ქალაქს, არც ყირიმის ხიდს არაფერი ემუქრებოდა”.

საღამოსვე გაჩნდა ცნობები “ბელბეკის” სამხედრო აეროდრომის (ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილი, სევასტოპოლის მიდამოები) ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შესახებ. “როიტერი” სულ მცირე, 4 აფეთქების შესახებ იუწყებოდა. საოკუპაციო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აეროდროის სიახლოვეს უპილოტო საფრენი აპარატი იქნა ჩამოგდებული და რომ მომხდარის შედეგად არავინ და არაფერი დაზიანებულა. თუმცა მიმდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლები სოცქსელებში მთელი ღამის განმავლობაში იუწყებოდნენ აფეთქებებისა და დაკვამლიანების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის რუსულ ოკუპაციამდე ეს საერთაშორისო აეროპორტი იყო, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქებს ემსახურებოდა, 2014 წლის ანექსიის შემდეგ კი რუსეთმა იგი სამოქალაქო ავიაციისთვის ჩაკეტა.

წუხელვე აფეთქებების ხმა ისმოდა ნოვაია კახოვკაში – ხერსონის მხარის იმ ტერიტორიაზე, რომლის ოკუპაცია რუსებმა ომის პირველ დღეებში მოახდინეს. რუსული მედია და ტელეგრამ-არხები ადგილობრივი ჰიდროელექტროსადგურის სიახლოვეს ხიდის აფეთქების შესახებ იუწყებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ადრე ეს ხიდი ერთხელ უკვე დაზიანდა და რუსებმა მისი შეკეთებაც მოასწრეს, ახლა კი ის კვლავ განადგურებულია. კახოვკის ხიდი ერთ-ერთია ოკუპირებული ხერსონის სიახლოვეს მდინარე დნეპრზე არსებული გადასასვლელებიდან, რომლის გამოყენებით რუსებს ქალაქში დამატებითი ცოცხალი ძალა და ტექნიკა შეჰყავდათ.

ამგვარად, წუხელ რუსულ ძალებს არცთუ სახუმარო ზიანი მიადგათ.

პუტინს აუცილებლად მოუნდება, შური იძიოს მისთვის საკრალური მნიშვნელობის ნახევარკუნძულზე მომხდარი აფეთქებებისთვის, - თვლიან ანალიტიკოსები და უახლოესი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით 23-24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან მასშტაბური პროვოკაციების შესაძლებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

“როგორც ვხედავთ, სამხრეთში ინიციატივა უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელშია. ისინი რუსულ პოზიციებს საკმაოდ მტკივნეულ დარტყმებს აყენებენ არასტანდარტული მეთოდებით. დღეს უკვე თითქმის 100%-იანი რწმენით შეგვიძლია, ვისაუბროთ ყირიმში საგანგებოდ მომზადებული უკრაინული სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფების მოქმედებაზე. HIMARS-ები წარმატებით ანადგურებენ რუსულ სამხედრო საწყობებს, სამეთაურო ცენტრებს, სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებს” - აცხადებს რუსი სამხედრო ექსპერტი იური ფეოდოროვი.

რაც შეეხება კრემლის მხრიდან შესაძლო საპასუხო პროვოკაციებს, ექსპერტი თვლის, რომ ამის საფრთხე ძალიან მაღალია:

“პუტინს ძალიან უნდა, შური იძიოს ყირიმისთვის, რომელსაც, როგორც ცნობილია, მისთვის “გარანტირებული რუსული მშვიდობის ხელშეუხებელი კუნძულის” საკრალური მნიშვნელობა ჰქონდა, უკრაინელებმა კი ეს მითი მთელი მსოფლიოს თვალწინ დაუმსხვრიეს, ასევე ამასწინათ ნოვოფეოდოროვკას სიახლოვეს ერთ-ერთი საკვანძო სამხედრო აეროდრომის განადგურებისა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე ბოლო დროს განხორციელებული მტკივნეული დარტყმებისთვის – იგივე ჯანკოისთვის, სადაც რუსულ მხარეს უმსხვილესი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ცენტრი ჰქონდა ჩამოყალიბებული, იმისთვის, რომ ყირიმში დასასვენებლად ჩასული რუსი ჩინოსნებისა და სამხედროების ოჯახები ნახევარკუნძულს პანიკაში ტოვებენ და გარბიან. რაღა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პუტინისთვის ძალზე მტკივნეულია და დიდი სირცხვილი. ამდენად, ეჭვგარეშეა, მას პასუხის გაცემა მოუნდება”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S