
სუს–ი: "ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება"
19/08/2022 13:39:20 კონფლიქტები
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებულ ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებული უკანონო შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა.
"ცხელი ხაზით" გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების აღნიშნული რეჟიმი ძალაში 2022 წლის 31 დეკემბრამდე იქნება.
„თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების მოხსნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების ერთ-ერთ ძირითად საგანს წარმოადგენდა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე საკითხი მუდმივად განიხილებოდა.
ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას მნიშვნელოვნად ართულებს და უსაფრთხოების გარემოს აზიანებს. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.