
“პუტინმა რუსეთი დასავლეთზე კაბალურად დამოკიდებული გახადა, ერდოღანი კი შექმნილი ვითარებით სარგებლობს”
19/08/2022 15:05:01 ანალიზი
“უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში არ არსებობს არავითარი სხვა სცენარი, რუსეთის სამხედრო მარცხის გარდა, - მსოფლიო ლიდერებმა ეს კარგად უნდა გააცნობიერონ, რადგან ნებისმიერი სხვა სცენარი მსოფლიოს ქაოსსა და სისხლიან ბნელ საუკუნეებში დააბრუნებს” – ამ შინაარსის ტვიტი გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა წუხელ, მას შემდეგ, რაც ლვოვში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და გაერო-ს გენმდივან ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.
ზელენსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქმა ლიდერმა ის მთავარი გზავნილი გააჟღერა, რომელიც უკრაინაში ჰქონდა ჩატანილი: “მწამს ამ ომის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასრულების შესაძლებლობის და ახლა განსასაზღვრია უმოკლესი გზა, რომელიც მსგავს მოლაპარაკებებამდე მიგვიყვანს”.
სხვა რაიმე ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები ლვოვში ერდოღანისა და გუტერეშის ვიზიტის შემდეგ არ გაკეთებულა. შეხვედრების შემდგომ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ლიდერებმა ვრცლად ისაუბრეს შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული ხორბლის ექსპორტის გაგრძელებისა და გაფართოების აუცილებლობაზე. თუმცა ზელენსკისგან განსხვავებით, ერდოღანი და გუტერეში ამაზე უფრო მსოფლიო სასურსათო კრიზისის დაუშვებლობის კონტექსტში საუბრობდნენ, ვიდრე უკრაინელი ფერმერების დახმარების.
გაერო-ს გენმდივანმა პრეს-კონფერენციაზე დიდი დრო დაუთმო რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟის თემას, კერძოდ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნისა და “მეორე ჩერნობილის” დაუშვებლობასაც.
რაც შეეხება უკრაინელი ტყვეების საკითხს, როგორც გუტერეშმა აღნიშნა, მათი გათავისუფლების მიზნით ჩამოყალიბდება სპეციალური მისია, რომელსაც სავარაუდოდ, გამოცდილი ბრაზილიელი გენერალი კარლოს დო სანტოს კრუზი ჩაუდგება სათავეში.
ამასთან, გაერო-ს გენმდივანმა სასურსათო უსაფრთხოების კონტექსტში რუსული სასუქის ექსპორტის გაგრძელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ერდოღანმა კი, თავის მხრივ – იმას, რომ ამ საკითხში და ზოგადად “სტაბილურ მშვიდობაში” მნიშვნელოვანი როლი სტამბოლის შეთანხმებებმა შეასრულა.
ფორმულირებები “სტაბილური მშვიდობის”, “შესაძლებლობათა ფანჯრისა” და “ომის მოლაპარაკებათა გზით დასრულების” შესახებ ერდოღანმა ერთობლივი პრეს-კონფერენციის განმავლობაში რამდენჯერმე გააჟღერა. მაგრამ უკრაინის ლიდერის პასუხი მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი იყო: “ჯერ – ყველა ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება, შემდეგ – მოლაპარაკებათა შესაძლებლობის განხილვა”:
“ბატონმა ერდოღანმა დღეს ბრძანა, რომ სასურსათო ინიციატივა იძლევა დიპლომატიურ შესაძლებლობათა ფანჯარას ომის შესაწყვეტად შემდგომი პოლიტიკური შეთანხმებებისთვის. ჩემის მხრივ თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი აზრი გავაცანი: რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობს, ამ ცეცხლში სწორედ რუსული იარაღია, ამიტომაც ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ისინი რაღაც მშვიდობისთვის არიან მზად. შეუძლებელია, ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში კლავენ, აუპატიურებენ, ფრთოსანი რაკეტებით ბომბავენ ჩვენს სამოქალაქო ობიექტებს, მშვიდობა სურდეთ! ჩემი აზრით, მათ ჯერ ჩვენი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლონ, ხოლო რა იქნება მერე – მერე ვნახოთ”.
რატომ ლვოვი და არა კიევი?
ეს პრეზიდენტ ერდოღანის პირველი ვიზიტი იყო უკრაინაში 24 თებერვალს ომის დაწყების მომენტიდან. აი, გაერო-ს გენმდივანი კი ქვეყანას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან უკვე მეორედ სტუმრობდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, როცა გუტერეში ომის დაწყების დროიდან უკრაინაში პირველად ჩავიდა, კიევის იმ სასტუმროს სიახლოვეს, სადაც ის იყო დაბინავებული, რუსული რაკეტა ჩამოვარდა. ამჯერად გაერო-ს გენმდივნის ვიზიტის დროს მის სიახლოვეს რუსული დაბომბვები არ ყოფილა.
იმ ფაქტს, რომ ზელენსკისთან შეხვედრის ადგილად არა დედაქალაქი კიევი, არამედ ლვოვი შეირჩა, ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსები სხვადასხვაგვარ ახსნას უძებნიან. ამ თემაზე გუშინ მთელი დღის განმავლობაში არაერთი დისკუსია ვიხილეთ. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ლვოვის შერჩევა პირად ინიციატივად გაასაღა, მაგრამ ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ერდოღანისა და გუტერეშის სურვილი იყო და უსაფრთხოების ინტერესებით იყო განპირობებული.
განსხვავებული მოსაზრება აქვს უკრაინელ ანალიტიკოს მარია ზოლკინას, რომლის აზრით, კიევის ნაცვლად ლვოვის შერჩევა უკავშირდება ერდოღანის სურვილს, ამ კონფლიქტში “მოსკოვისა და კიევისგან ტოლად დაშორებულ ძალად” და არა უკრაინის ცალსახა მხარდამჭერად წარმოჩინდეს:
“განსხვავებით სხვა მსოფლიო ლიდერებისგან, რომლებიც უკრაინის ცალსახა და უპირობო მხარდაჭერის ნიშნად ამ ხნის განმავლობაში სწორედ დედაქალაქში ჩამოდიოდნენ, ერდოღანმა ლვოვი არჩია. მოგეხსენებათ, უკრაინაში ჩამოსვლამდე თურქეთის ლიდერი სოჭში აგრესორი ქვეყნის - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. თურქეთს აშკარად სურს, ომის მხარეებისგან ტოლად დაშორებულ მოთამაშედ წარმოჩინდეს, რაც, პირდაპირ ვთქვათ, ყოველთვის არ გამოსდის. არ გამიკვირდება, თუ შეხვედრის ნეიტრალურ ლვოვში გამართვის რეალური მიზეზი სწორედ თურქეთის ლიდერის სურვილი იყო, არ წარმოჩენილიყო ამ კონფლიქტში ცალსახად უკრაინის მხარდამჭერად”.
ერდოღანი და მოსკოვის გზავნილები
რაც შეეხება თავად ვიზიტსა და მის შედეგებს, ანალიტიკოსის შეფასებით, აქ ძირითადად თურქეთის ლიდერზეა სასაუბრო, რადგან გაერო-სა და გუტერეშის როლი უფრო სიმბოლურია.
“ერდოღანის როლი აბსოლუტურად ნათელია: უფრო გარემოებათა გამო და არა საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებით, მან საბოლოოდ იკისრა შუამავლის როლი და ყოველმხრივ ცდილობს მის გამყარებას. ჩვენ ვხედავთ აშკარა მცდელობას, ე.წ. ხორბლის გარიგება აქციონ უფრო ფართო პოლიტიკურ შეთანხმებად კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირებისთვის. თურქეთი გაერო-სთან ერთობლივად ამ იდეას დღეს გაცილებით მეტად ლობირებს, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტის უშუალო მონაწილეები, თუმცა მშვენივრად გვესმის, რომ სწორედ მოსკოვი მუშაობს აქტიურად ამ მიმართულებით “სხვისი ხელით” – აღნიშნავს მარია ზოლკინა.
ამასთან, მისივე განმარტებით, რუსეთს სადღეისოდ სჭირდება არა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირება, როგორც ასეთი, არა რაიმე ფინალური გადაწყვეტილების მიღწევა, არამედ გარკვეული დროებითი ზავი, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შემცირება, რათა შეძლოს:
- საკუთარი სამხედრო საჭიროებების რეალიზება (გადაჯგუფება, სამომავლო გეგმების განსაზღვრა, რადგან ყველა გეგმა, დაწყებული თავდაპირველით – კიევის აღებით, დამთავრებული თუნდაც დონბასის სრულად დაკავებით - ნაცარში ჩაუვარდა და უკვე სრულიად ნათელია, რომ კონფლიქტი ბევრად გრძელვადიანი ხდება, ვიდრე კრემლს ჰქონდა გათვლილი:
- პოლიტიკური გეგმების განხორციელება, კერძოდ, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების ტემპის დაგდება (რაკი საბრძოლო ველზე უკრაინის ჯარს ვერ მოერია, მოსკოვს სურს, იგი სხვა გზით აქციოს ბრძოლისუუნაროდ და ახლა რომ მხარეებს შორის მიღწეულიყო შეთანხმება რაიმე სახის “სიჩუმის რეჟიმის” შესახებ, უკრაინისკენ დასავლური შეიარაღების ნაკადი უდავოდ მინიმუმამდე დავიდოდა).
- რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შესუსტება (ე.წ. ხორბლის გარიგების ფარგლებში მოსკოვმა ამას ნაწილობრივ უკვე მიაღწია, მაგალითად, მიაღწია სამოქალაქო ავიაციის ხომალდების უცხოური ტექმომსახურების დაბრუნებას, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომენტიდან აკრძალული იყო, ასევე აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკურ დასტურს იმისა, რომ არც ახლაა და არც სამომავლოდ იქნება შემოღებული არავითარი სანქცია საერთაშორისო ბაზარზე რუსული სურსათისა და მინერალური სასუქის ექსპორტზე, არადა, ეს უკანასკნელი ბუნებრივი აირის გადამუშავებას წარმოადგენს, ანუ, სანქცირებულ გაზს რუსეთი მისი სასუქის მზარდ საექსპორტო მოცულობაში გადაამისამართებს).
რას ფიქრობენ უკრაინაში ერდოღანზე
როგორც მარია ზოლკინა აღნიშნავს, უკრაინაში დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ერდოღანის შუამავლობას:
“ერთის მხრივ, თურქეთი უკრაინას შეიარაღებით ეხმარება, მაგრამ ამავდროულად, უკრაინაში ძალიან რაციონალურად აცნობიერებენ, რომ თურქეთი უპირველესად, საკუთარი დიპლომატიური პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ცდილობს. მათგან ერთ-ერთი თურქეთის გაძლიერებაა რეგიონული ლიდერის როლში. თურქეთის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შავი ზღვის რეგიონი შიდა ძლიერი მოთამაშეების მიერ უნდა იმართებოდეს და არავითარი გარე მოთამაშეები აქ არ უნდა იყვნენ წარმოდგენილები. სწორედ ამის რეალიზებისკენ ისწრაფვის ახლა ერდოღანი, რომლისთვისაც ამ ომთან დაკავშირებით რამდენიმე ფაქტორი პოლიტიკურად ძალიან ხელსაყრელად დაემთხვა ერთმანეთს. თურქეთი არასოდეს წავა ღია დაპირისპირებაზე დასავლეთთან, რომელსაც ნატო-ს ჭრილში თავადაც განეკუთვნება, განსაკუთრებით – როცა სასწორის მეორე მხარეს დევს რუსეთი, რომელიც ეკონომიკური საკითხების გარდა, თურქეთს ვერაფერს სთავაზობს. მაგრამ რეგიონული ლიდერის კონცეფციის ფარგლებში თურქეთი სადღეისოდ მზადაა, “ეთამაშოს” დასავლეთს და ამ თამაშში საკმაოდ კომფორტულადაც გრძნობს თავს. უკრაინაში ამას მშვენივრად აცნობიერებენ და შესაბამისად, მთელ რიგ საკითხებში (მაგალითად, თურქეთის ხრიდან რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლასა და მოპარული უკრაინული ხორბლის რეალიზების საკითხში დახმარების თემებზე) თურქეთ-უკრაინის დიალოგს ძალზე ხისტი სახე აქვს”.
პუტინის მზადება ზელენსკისთან შეხვედრისთვის
ჯერ კიდევ ლვოვის სამმხრივ შეხვედრამდე მედიაში გავრცელდა არაოფიციალური ცნობები იმის შესახებ, რომ ერდოღანს ზელენსკისთვის პუტინის წინადადება ჩაჰქონდა უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვის თაობაზე.
რუსი პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი ამ ინფორმაციას სანდოდ მიიჩნევს და მსგავსი შეხვედრისთვის კრემლის მზადების კონტექსტში უახლოეს ხანებში რუსეთის მხრიდან უკრაინაში მასშტაბურ პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
“პუტინი იმდენად ბრიყვი არ არის, ვერ აცნობიერებდეს, რომ აუცილებელია რამენაირად გამოსვლა იმ საშინელი ჩიხიდან, რომელშიც თავად მოიმწყვდია თავი. სწორედ ამიტომ აგზავნის ის ბოლო დროს სხვადასხვა სიგნალებს. პირველი ასეთი სიგნალი რუსეთის მოულოდნელი “ჰუმანურობა” იყო თურქეთის მონაწილეობით დადებულ ე.წ. ხორბლის გარიგებასთან დაკავშირებით. ერდოღანმა აქ თავისი შუამავლური როლის სანაცვლოდ, როგორც ჩანს, არა მარტო პოლიტიკური “თაფლაკვერები” მიიღო, არამედ ეკონომიკურიც. პუტინის მეორე სინგალი იყო გერჰარდ შრიოდერი: იგი მოულოდნელად კრელში მიიწვიეს, მოეფერნენ და გერმანიაში წარგზავნეს გერმანული პოლიტიკური ელიტისთვის გაზის მკაფიო სუნის მქონე სიგნალის გადასაცემად. მესამე სიგნალი კი არის ბოლო დღეებში მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა სურს. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია რეალურია, მაგრამ ამ წუთში პუტინის პოზიციები უკრაინელ ლიდერთან შესახვედრად სუსტია, მას კი მსგავსი მოლაპარაკებების გასამართად სწორედ ძალის პოზიცია ესაჭიროება. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებსა და კვირებში რუსეთის მხრიდან შეტევებს ველი – ეს პუტინისთვის სწორედ საჭირო პოზიციის ფორმირება იქნება ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის, რომელიც მას წყალივით ესაჭიროება იმ კონფლიქტიდან გამოსასვლელად, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კარგს აშკარად არაფერს უქადის არც თავად პუტინს, არც რუსეთს”.
ერდოღანი და პუტინზე ზემოქმედების შესაძლებლობა
ერდოღანმა განაცხადა, რომ ზელენსკისთან მოლაპარაკებების შედეგებს ვლადიმირ პუტინს გადასცემს. არის თუ არა ერდოღანი ერთადერთი შემორჩენილი შუამავალი და პოლიტიკოსი მსოფლიოში, რომელსაც ჯერ კიდევ ძალუძს პუტინზე ზემოქმედება? ორეშკინის აზრით, ეს ასე არაა:
“რაღა თქმა უნდა, ერდოღანი არაა ერთადერთი. პუტინი არავითარი ზეადამიანი არაა, მასზე ბევრი ვინმე და რამე ზემოქმედებს. უპირველესად, ზემოქმედებს პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინული არმია, მათი დარტყმები ყირიმსა და ბელგოროდზე, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც უკრაინას თანამედროვე იარაღით ამარაგებს… ის კი არა და, პუტინისა და მისი რუსეთის ბედი არასოდეს ყოფილა ასე ძლიერ დამოკიდებული ამერიკაზე და პირველადაა დამოკიდებული უკრაინაზე. შეიძლება, ითქვას, რომ პუტინმა თავისი ქვეყანა დასავლეთზე თითქმის კაბალურ დამოკიდებულებამდე მიიყვანა. რაც შეეხება ერდოღანს, ის ამბიციური პოლიტიკოსია, რომელმაც ამ ომში მხარეთა “სუსტი წერტილი” (რუსეთშიც და უკრაინაშიც დაიღალა ხალხიც, ხელისუფლებებიც, სპონსორებიც) იგრძნო და ახლა ამაზე საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური სარგებლის მიღებას ცდილობს”.