
ციხიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანილი პატიმარი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა
20/08/2022 15:21:10 სამართალი
ციხიდან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანილი პაციენტი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. შემთხვევა დღეს მოხდა. ბოლო ინფორმაციით, პატიმრის მდგომარეობა მძიმეა, მას ოპერაცია "კავკასიის მედიცინის ცენტრში" ჩაუტარდა.
"ფსიქიატრიულ ცენტრში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, კარგია, რადგან ფსიქიატრიულშია. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მოვედი დღეს დილით და მითხრეს, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება. როცა მოვედი, ოპერაცია ტარდებოდა. გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ ისროლა? ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაეყვანათ. ჩათვალეს, რომ ბიჭი ერთ დღეში გამოკეთდებოდა. ის არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისათვის, რომ ციხეში გადაეყვანათ", - განაცხადა მედიასთან საუბრისას პატიმრის დედამ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო.
„გამოძიების ხელთ არსებული მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 20 აგვისტოს დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს, ბრალდებული პატიმარი გ.ს. უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ ერთი გასროლა განახორციელა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით განახორციელა მეორე გასროლა (გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა). ამის შემდეგ, იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.
მიღებული დაზიანების შემდეგ დაზარალებული კავკასიის მედიცინის ცენტრში იქნა გადაყვანილი, სადაც მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას და შეისწავლის ინციდენტში მონაწილე სამართალდამცავების ქმედების კანონიერების საკითხს.
სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს მოქალაქე გ.ს.-ს ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“,- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.