Accentnews.ge
რას ფიქრობს პუტინი საქართველოზე

რას ფიქრობს პუტინი საქართველოზე

20/08/2022 16:46:03 ანალიზი

რუსეთის ხელისუფლება ბოლო დროს აღარ მალავს, რომ წლობით ამუშავებდა ორ კონცეფციას, რომელთა რეალიზებაც 2008 წელს საქართველოში დაიწყო, ხოლო შემდეგ უკრაინაში გააგრძელა. პირველი მათგანი სსრკ-ის აღდგენაა (ახალ ერთობას კრემლის გეგმაში “სამოკავშირეო სახელმწიფო” ეწოდება), ხოლო მეორე – “ისტორიული რუსეთი” (იგივე “დიადი რუსეთი”), რომლის საზღვრებიც, როგორც პუტინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უკვე არაერთგზის მოვისმინეთ, “არსად მთავრდება”. ისიც, რასაც 24 თებერვლიდან უკრაინაში ვადევნებთ თვალს, სხვა არაფერია, თუ არა პუტინის რეჟიმის მიერ ამ კონცეფციების რეალიზების მცდელობა და თუ თავიდან კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდა ათას ცრუ საბაბს ასახელებდა (“დენაციფიკაციის”, “დემილიტარიზაციის”, “რუსეთზე უკრაინისა და ნატო-ს დაგეგმილი თავდასხმის პრევენციისა” თუ “უკრაინის ბირთვულ სახელმწიფოდ გარდაქმნის პრევენციის” სახით) უკვე მეორე მეზობელ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გასამართლებლად, ბოლო დროს მოსკოვმა “კარტი გახსნა”: პეტერბურგის ამასწინანდელი ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე პუტინმა “რუსული მიწების შემგროვებელი პეტრე I-ის მემკვიდრედ” გამოაცხადა თავი და “იმპერიის აღდგენის” ზრახვა განასაჯაროვა.

ვინც პროცესებს ყურადღებით ადევნებს თვალს, კრემლის მხრიდან უახლოეს წარსულში სხვა “აღიარებითი ჩვენებებიც” ემახსოვრება. მაგალითად, უკრაინის ომამდე ცოტა ხნით ადრე კრემლის «რუხ კარდინალად» და პოსტსაბჭოთა სივრცეში სეპარატისტული წარმონაქმნების ერთ-ერთ მთავარ “არქიტექტორად” ცნობილმა ვლადისლავ სურკოვმა ვრცელი წერილი გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ თანამედროვე რუსეთი “ვერ დარჩება საზღვრებში, რომლებიც 1918 წელს – გერმანიასთან “ბრესტის მშვიდობის” გაფორმების შემდეგ ჩამოყალიბდა”. "ვიწროდ ვართ, მოწყენილად და უხერხულად… წარმოუდგენელია, რუსეთი ამ სამარცხვინო (ბრესტის) მშვიდობის ფარგლებში დარჩეს. ჩვენ, ცხადია, მშვიდობის მომხრეები ვართ, მაგრამ არა სამარცხვინო, არამედ სწორი მშვიდობის", – წერდა სურკოვი, დასასრულს კი ასკვნიდა, რომ «რუსეთი უცილობლად გაფართოვდება – ეს უბრალოდ ფიზიკაა».

უკრაინასთან ერთად კრემლის ამ გეგმაში პირველ პოზიციებს საქართველო და ყაზახეთიც იკავებენ. სხვა ნიშნებთან ერთად, ამაზე მეტყველებს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის, ამჟამად უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ამასწინანდელი პუბლიკაციაც: 8 აგვისტოს, სოცქსელ “Вконтакте”-ში გამოქვეყნებულ წერილში იგი ამტკიცებდა, რომ “1801 წლამდე ქვეყანა “საქართველო” არ არსებობდა”, რომ ის “მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა” და რომ "ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ამჟამინდელი ტერიტორია მხოლოდ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შეიძლება, გაერთიანდნენ".

ზოგიერთებმა ეს მედვედევს პირად ინიციატივად ჩაუთვალეს პუტინის გულის მოსაგებად. თუმცა ცხადია, ასე ფიქრი დიდი შეცდომაა. ეს სწორედ პუტინის ხედვაა, თანაც არახალი და ამაზე მის მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტების წინაშე წარმოთქმული შემდეგი სიტყვებიც მეტყველებს:

“ოსეთი შევიდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, თუ სწორად მახსოვს, 1774 წელს, მთლიანად - სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აფხაზეთი კი - 1810-ში, ასევე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, როგორც სამთავრო. არანაირი საქართველო არ ყოფილა, ეს იყო თბილისის გუბერნია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველომ სცადა, აფხაზეთი ჩაეყლაპა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და გერმანიის ძალების დახმარებით 1918 წელს საქართველომ აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა. ოკუპანტები სასტიკად იქცეოდნენ. კიდევ უფრო სასტიკად მოქმედებდნენ ქართული ძალები ოსეთში 1919-1920 წლებში. სინამდვილეში, ეს ზუსტად ისაა, რასაც გენოციდი ეწოდება და კარგი იქნება, იცოდეს ეს საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, არასდროს უნდა დაივიწყოს, თუ სურს, აფხაზეთისა და სახმრეთ ოსეთის ხალხებთან ურთიერთობა დაალაგოს. საბჭოთა კავშირის დროს, სხვათა შორის, თავდაპირველად ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამოკავშირეო სოციალისტური რესპუბლიკა, რომელშიც შევიდა დღევანდელი საქართველო. ეს საქართველოც კი არ იყო. სტალინის დროს კი შეიქმნა საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა, რომლის შემადგენელი ნაწილი გახდა აფხაზეთი. სხვათა შორის, ჩვენი უფლებადამცველები ამაზე ყურადღებას არასდროს ამახვილებენ და ეს უცნაურიც კია. სტალინის ბრძანებით, НКВД-მ ბერიას ხელმძღვანელობით ძალიან სასტიკი ზომები მიიღო აფხაზებთან მიმართებაში, - ახლა არც მინდა, ვახსენო, როგორი, იმ მიზნით, რომ საქართველოს გადაეყლაპა ეს ტერიტორია და აფხაზი ხალხი“.

ისტორიის გაყალბება და ზოგადად სიცრუე კრემლისგან აღარავის უკვირს. საკუთარი იმპერიალისტური მიზნების მისაღწევად პუტინის რეჟიმი ამ ხერხს დღესაც აქტიურად იყენებს როგორც რუსეთის, ისე მეზობელი და არა მარტო მეზობელი ქვეყნების მოსახლეობების შეცდომაში შესაყვანად. კრემლის სადეზინფორმაციო პროპაგანდამ ბოლო დროს საქართველოშიც ფართოდ გაშალა ფრთები. უკვე სახეზეა ქვეყანაში რუსული გავლენის ზრდის სხვა არაერთი ნიშანიც და ეს ყველაფერი განსაკუთრებით საგანგაშოა სურკოვის, მედვედევის, პუტინისა და სხვათა იმ საჯარო განცხადებების ფონზე, რომლებიც ცალსახად ადასტურებს, რა მიზნები ამოძრავებს პუტინის რუსეთს სამეზობლოსთან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S