Accentnews.ge
ფსიქიატრიულში პატიმრის იარაღით თავში დაჭრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს

ფსიქიატრიულში პატიმრის იარაღით თავში დაჭრის საქმეზე ბადრაგი დააკავეს

22/08/2022 17:06:57 სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის დაჭრის საქმეზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ ცნობილი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

"[ფსიქიატრიული დაწესებულების] მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე. ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში", - ასე აღწერა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა 20 აგვისტოს განვითარებული მოვლენები.

საგამოძიებო სამსახურმა მედიას წარუდგინა ვიდეომასალა, რომელშიც გამოძიების ინფორმაციით, ასახულია ის მომენტი, რომელშიც ჩანს როგორ უვარდება ხელში პატიმარს იარაღი და პირველი ორი გასროლა. უშუალოდ თვითდაზიანების მიყენების მომენტი უწყებას საჯაროდ არ გაუვრცელებია.

ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანილი პატიმრის გურამ სვანიძის თავის არეში დაჭრის შესახებ მედიისთვის ცნობილი 20 აგვისტოს გახდა. ოჯახი ამბობდა, რომ შემთხვევა იმ დილით მოხდა.

"ფსიქიატრიულ ცენტრში გადმოუყვანიათ. ვიფიქრე, კარგია, რადგან ფსიქიატრიულშია. გუშინ ფანჯრიდან დავინახე, მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ მოვედი დღეს დილით და მითხრეს, რომ მას აქვს გამჭოლი ჭრილობა, ტვინის დაზიანება. როცა მოვედი, ოპერაცია ტარდებოდა. გამაგებინეთ, როგორ მოხდა ჩემი შვილის ხელში იარაღი და როგორ ისროლა?.. ამიხსენით. გადაწყვიტეს, რომ ფსიქიატრიულიდან ისევ ციხეში გადაეყვანათ. ჩათვალეს, რომ ბიჭი ერთ დღეში გამოკეთდებოდა. ის არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისათვის, რომ ციხეში გადაეყვანათ", - განუცხადა ჟურნალისტებს პატიმრის დედამ.

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. პირველადი მოკვლევით უწყება აცხადებდა, რომ ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანება მიიყენა. გამოძიებისთვის ხელმისაწვდომი გახდა შემთხვევის ამსახველი კადრებიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S