აშშ–ის ელჩი "ოცნების" რეაქციას პასუხობს: "ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა ISFED–ს მიმართ"
24/08/2022 10:29:25 პოლიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებთან“ (ISFED) და 2020 წლის არჩევნების შემდეგ პოლიტიკურ პროცესებში საელჩოს როლთან დაკავშირებით ხელისუფლების ბრალდებებს გამოეხმაურა.
„ამერიკის საელჩოს აქვს სრული ნდობა ISFED–ს მიმართ, რომელიც არის პატივსაცემი ორგანიზაცია. ეს ორგანიზაცია მონაწილეობდა საარჩევნო რეფორმების ჯგუფში, რომელსაც თავმჯდომარეობდა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კანონმდებლობის შემუშავებაში. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები და ანგარიშები არჩევნებთან დაკავშირებით, რომელთა მიხედვით, არჩევნებში დაფიქსირდა სერიოზული დარღვევები, ე.წ. კარუსელი, დაშინება და ა.შ. როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში. ეს არჩევნები არც ერთმა ორგანიზაციამ არ შეაფასა როგორც სრულად სამართლიანი, ასე რომ, ეს დარღვევები არ არის ISFED–ს პასუხისმგებლობა. რაც შეეხება გამოთვლებში შეცდომას, როგორც კი დაადასტურეს ეს შეცდომა, რომელიც არ იყო დიდი მნიშვნელობის, შეატყობინეს საზოგადოებას, ეს იყო გამჭვირვალე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ISFED და სხვა სამოქალაქო საზოგადოებები, რომლებსაც გააჩნიათ გამოცდილება მონიტორინგსა და არჩევნების ჩატარებაში, შეეძლოთ, მონაწილეობა მიიღონ საქართველო საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფში. სწორედ ამისკენ მოუწოდებს ევროკომისია, ინკლუზიური პროცესისკენ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მხარეს ჰქონდეს შანსი, წვლილი შეიტანოს საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩმა დეგნანმა ასევე უპასუხა "ქართული ოცნების" ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმად, საელჩომ, რომელიც პოლიტიკური კრიზისის მედიატორი იყო, იცოდა, რომ ISFED–ს პარალელურ დათვლაში ხარვეზი იყო.
„რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი მოსაზრების ქონის უფლება, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება დამადასტურებელი ამისა, რაზეც იყო საუბარი. როგორც კი დადასტურდა ეს შეცდომა, ეცნობა საზოგადოებას. ეს იყო სტატისტიკური, უმნიშვნელო შეცდომა და მისი ასე წარმოჩენა ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ თითქოს რევოლუციური სცენარი იყო, ან გამიზნულად მოხდა. ყველა, ვინც მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდა, ძალიან კარგად იცის, რომ ერთადერთი მიზანი სიტუაციის დეესკალაცია გახლდათ და პარტიების პარლამენტში შესვლა, იმისათვის, რომ მათ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავათ", – განაცხადა ელჩმა.


