"აშშ–ის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია"
23/08/2022 08:16:59 პოლიტიკა
"აშშ–ის საელჩოს განცხადება „სამართლიან არჩევნებთან“ (ISFED) დაკავშირებით ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბება, რაც იყო უმძიმესი ფაქტი", - ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სამუშაო ჯგუფებში „სამართლიანი არჩევნების“ დაშვებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნათლად ჩანს ორგანიზაციის სამუშაო პროცესში ჩართვა გამორიცხულია:
„ჩვენ გვახსოვს რა როლი შეასრულა PVT-ს გაყალბებამ იმ პროცესებში, რომელიც წარიმართა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რადიკალური ოპოზიციისთვის ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი იმისათვის, რომ განეხორციელებინათ პარლამენტის საბოტაჟი. „სამართლიანი არჩევნები“ მაშინ პირდაპირი ფორმით იყო ჩართული იმ პროცესებში, რომელიც იმართებოდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამის შემდეგ, ვხედავთ პარლამენტის წინ აღმართულ სცენაზე, საიდანაც მათი მხრიდან ისმის პოლიტიკური მოთხოვნა მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ანუ აქაც ISFED მოგვევლინა რევოლუციური პროცესის უშუალო თანამონაწილედ. როდესაც ამ სრული ლუსტრაციის შემდეგ საელჩო "სამართლიან არჩევნებს" უწოდებს ერთ-ერთ ყველაზე სანდო ორგანიზაციას და მის მიმართ გამოთქვამს სურვილს, რომ სამუშაო პროცესში იყოს ჩართული, ეს ჩვენთვის გასაკვირია. ჩვენი გუნდის წევრებმა უკვე შესთავაზეს ISFED-ს გამიჯვნოდა მისივე მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან და ტექნიკური მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. მათ ეს რამდენიმე დღის მანძილზე არ გააკეთეს, საიდანაც ნათლად ჩანს მათი გამოხატული პოლიტიკური მიზანი რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა, ამის შემდეგ გამორიცხულია "სამართლიანი არჩევნები" ჩაერთოს რომელიმე სამუშაო პროცესში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის: "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) არ მიიწვია. ამის მიზეზად ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ ორგანიზაციის "არანეიტრალურობა" დაასახელა. მისი თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როცა პრემიერ–მინისტრის "პოსტიდან" ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა. მიქანაძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფის კარი "ნებისმიერი ნეიტრალური ორგანიზაციისთვის" ღიაა, ამ ჯგუფის შეხვედრაზე ISFED-ს ჩართულობა კი მათთვის მიუღებელია. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ISFED-ს წინააღმდეგ ანგარიშსწორებას აპირებს. ამ პროცესში მონაწილეობა ორ არასამთავრობო ორგანიზაციას -" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა" და "სამართლიან არჩევნებს" უნდა მიეღო. 18 აგვისტოს სხდომა საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ზემოაღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდა, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.
ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩოც და განაცხადა, რომ "პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ISFED-ის არდაშვება კითხვებს ბადებს".


