
"აფხაზეთი მზადაა, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს"
25/08/2022 10:36:58 კონფლიქტები
"აფხაზეთი მზადაა, შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ომის შემდეგ შეიძლება, ჩამოყალიბდეს" - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტ სოლოვიოვის იუთუბ-გადაცემის ეთერში დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისივე მტკიცებით, "საკავშირო სახელმწიფოს იდეა ახლოა აფხაზი ხალხისთვის და შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს".
გარდა ამისა, დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, "აფხაზეთისთვის აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან მტკიცე კავშირი".
"ნათელია, რომ ერთპოლარული მსოფლიო დაინგრა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია (და ამაში დარწმუნებული ვარ) წარმატებით დაასრულებს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სპეციალურ ოპერაციას, ჩამოყალიბდება სრულიად განსხვავებული რეალობა. რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ხალხისთვის ნათელი გახდება, ვინაა ნამდვილი მოკავშირე, რომელიც ამ მძიმე დროს ნამდვილად ედგათ გვერდში. და ამ ფაქტებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდება საკავშირო სახელმწიფოს გარკვეული კონტური. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მზად ვართ ამაში მონაწილეობისთვის" - აღნიშნა ბჟანიამ.
ამასთან, მისივე თქმით, აფხაზეთს ბელარუსის ხელმძღვანელობასთან ოფიციალური კონტაქტები არ აქვს, მაგრამ მოქალაქეების დონეზე კონტაქტები არსებობს.
"ბოლო დროს ბელარუსული ბიზნესი აფხაზეთისადმი ინტერესს იჩენს. ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ჩვენ ჩავუშვებთ ძალზე საინტერესო ერთობლივ ბელარუსულ-აფხაზურ ეკონომიკურ პროექტს" - დასძინა დე ფაქტო ლიდერმა.