
"სამხრეთ ოსეთი შემდგარი სახელმწიფოა" - ახალი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი
25/08/2022 15:25:25 კონფლიქტები
"სამხრეთ ოსეთი შემდგარი სახელმწიფოა" - განაცხადა დღეს ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა.
"სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1992 წელს შედგა, როცა მიღებულ იქნა სახელმწიფო დამოუკიდებლობის შესახებ აქტი. ბუნებრივია, 2008 წლამდე ჩვენ ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო ვიყავით. რაც შეეხება 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აღიარებას, ეს მთელი ჩვენი ხალხისთვის ნიშანდობლივი, საბედისწერო მოვლენა იყო. ამ თარიღზე საუბრისას არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ის ტრაგიკული მოვლენები და მძიმე პერიოდი, რომელიც სამხრეთ ოსეთის ხალხმა მანამდე გამოიარა" - განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, "როდესაც სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობაზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სუვერენულობის პრინციპი მოიცავს სახელმწიფოებრიობისთვის აუცილებელ ატრიბუტებს, როგორიცაა ტერიტორია, მოსახლეობა, სახელისუფლებო ორგანოები, ჯარი და რესპუბლიკა ყველა ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს".
როგორც ჯიოევმა აღნიშნა, "საერთაშორისო სამართალში არსადაა ნათქვამი, რამდენმა ქვეყანამ უნდა აღიაროს სახელმწიფო, რომ იგი რაღაც ნორმებს შეესაბამებოდეს".
"მართალია, ჩვენი რესპუბლიკა ჯერ არ მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგრამ ოპტიმიზმით ვუმზერთ მომავალს" - დასძინა ახალმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან ჯიოევმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ "რეგიონში არარეგიონალური ქვეყნების წარმოდგენილობა მათი სამხედრო კომპონენტებითურთ აშფოთებს როგორც სამხრეთ ოსეთს, ისე რუს კოლეგებს".
ცნობისთვის: 1990 წლამდე სამხრეთ ოსეთი წარმოადგენდა ავყონომიურ ოლქს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. 1992 წლიდან იგი არაღიარებულ სახელმწიფოდ არსებობდა. 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შემდეგ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. 2009 წელს საქართველოში მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმად, ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიადაა აღიარებული.
რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიის გარდა მსოფლიოს ყველა სახელმწიფო , აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.