Accentnews.ge
პენიტენციური სამსახური: "მოშიმშილე მსჯავრდებულთა „ერთობლივი განცხადება“ ერთი პირის დაწერილია"

პენიტენციური სამსახური: "მოშიმშილე მსჯავრდებულთა „ერთობლივი განცხადება“ ერთი პირის დაწერილია"

25/08/2022 17:00:26 სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური №6 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ "მოშიმშილე მსჯავრდებულთა „ერთობლივი განცხადება“ ერთი პირის დაწერილია".

„საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 75 მსჯავრდებული, არის არსებული რეალობის უხეშად დამახინჯების მცდელობა.

მოშიმშილე მსჯავრდებულები იმყოფებიან ჯანმრთელობის ყოველდღიური მონიტორინგისა და სამედიცინო პერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

შიმშილობის მიზეზად დასახელებულია არსებული სარეჟიმო პირობები და არასაკმარისი სამედიცინო მომსახურება", - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

როგორც სამსახური განმარტავს, #6 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვედრისა და ინფორმაციის გაცვლის უფლება არ აქვთ, შესაბამისად, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, განცხადების ავტორი მხოლოდ ერთი მსჯავრდებულია.

„N6 პენიტენციური დაწესებულება არის დახურული ტიპის დაწესებულება, რომელშიც განთავსებულნი არიან მაღალი და მომეტებული რისკის მქონე პატიმრები.

სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულებს 24-საათიან რეჟიმში უწევს სამედიცინო მომსახურებას. საჭიროებისამებრ, ისინი უზრუნველყოფილნი არიან სამოქალაქო სექტორის კლინიკებიდან მოწვეული ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციითაც. გეგმიური სტაციონარული მომსახურებისთვის, ჯანმრთელობის მდგომარების ობიექტური შეფასების საფუძველზე, რეგისტრირდებიან რეფერალთა ელექტრონულ ბაზაში და რიგითობის მიხედვით მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო სერვისები, გადაუდებელ შემთხვევაში - დაუყოვნებლივ.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში აღნიშნული დაწესებულებიდან 21 მსჯავრდებულს გაეწია სამედიცინო მომსახურეობა დაწესებულების გარეთ.

N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად, მსჯავრდებულებს არ აქვთ უფლება ერთმანეთს ფიზიკურად შეხვდნენ და გაცვალონ კორესპონდენცია/ინფორმაცია. შესაბამისად მედიაში გავრცელებული პატიმართა ე.წ. ,,ერთობლივი განცხადება“, არ შეესაბამება სიმართლეს და ის ერთი კონკრეტული მსჯავრდებულის მიერ არის შედგენილი. ხოლო აღწერილი ბრალდებები და სხვა პირების გვარებიც მისივე მითითებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

მსჯავრდებულთა შიმშილობის შესახებ „ერთობლივი განცხადება" „მთავარმა არხმა" გაავრცელა. 33 მსჯავრდებულის სახლით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შიმშილობის გამომწვევი მიზეზი პატიიმართა მიმართ არადამიანური მოპყრობაა.

„მოგახსენებთ, ნომერ მეექვსე დაწესებულებაში არსებულ არაადამიანურ პირობებთან დაკავშირებით ვშიმშილობთ. არ გვექცევა სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაწესებულებაში ჰყავთ საოპერაციო პატიმრები, რომლებიც არ გადაჰყავთ შესაბამის კლინიკებში, ასევე ფსიქიკურად შერყეული პატიმრები, რომლებსაც არც აქ მკურნალობენ და არც ფსიქიატრიულში მიჰყავთ. თანამშრომლები გამომწვევად გველაპარაკებიან და გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. დასჯის მიზნით გვანთავსებენ დეესკალაციაში და ხშირ შემთხვევებში 72 საათის გასვლის შემდეგაც არ გვაბრუნებენ საკნებში (ყოფილა შემთხვევები საჭმელს და წყალსაც არ გვაწვდიდნენ). დეესკალაციაში არის ანტისანიტარია, არ გვაწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს, არ მოჰყავთ სოციალური მუშაკი, არ გვარეკინებენ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე. საკნებში არ აყენია გამწოვები, არც საპირფარეშოში, ხოლო სადაც აყენია გაფუჭებულია. საპირფარეშოს კარები არის ნახევრამდე გადაჭრილი და კარებს წინ დაყენებული ვიდეოთვალის არეში ხდება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. საშხაპეში გამწოვები გაფუჭებულია, ზოგან არც აყენია და შხაპის მიღებისას ისეთი ორთქლი დგება, სუნთქვაც ჭირს. გასეირნების ოთახებში აყენია სავარჯიშო მოწყობილობები, რომლებიც გაფუჭებულია და არც აკეთებენ, არც ახლები მოაქვთ. დაწესებულებისთვის არასასურველი განცხადებები არ იგზავნება და სისტემატიურად გვიკეტავენ 3-3 თვით დარეკვებს, პაემანს, რომ ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად მოგვაშორონ. მანამდე არ შევწყვეტთ შიმშილს, სანამ არ შეიცვლება მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელობა", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ადრესატები არიან: სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, წითელი ჯვარი, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი. ასევე პოლიტიკოსები: ეკა ხერხეულიძე, ანა ნაცვლიშვილო, იაგო ხვიჩია, ზურაბ ჯაფარიძე, ლევან იოსელიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S