Accentnews.ge
"იდიოტებად მივაჩნივართ": ზატულინმა აფხაზები აღაშფოთა

"იდიოტებად მივაჩნივართ": ზატულინმა აფხაზები აღაშფოთა

26/08/2022 11:27:40 კონფლიქტები

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზატულინი თვლის, რომ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში აფხაზეთის შესვლის შემთხვევაში "მხარეებს რუსეთის მოქალაქეების მიერ რესპუბლიკაში მიწის ყიდვის სადავო საკითხის დადებითად გადაწყვეტაზე შეთანხმება გაუადვილდებათ".

ასე გამოეხმაურა ზატულინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გუშინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ "რესპუბლიკა მზადაა, შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა ქვეყნების საკავშირო სახელმწიფოს, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ შეიძლება, შეიქმნას".

ზატულინის თქმით, რუსეთის მოქალქეების მიერ აფხაზეთში მიწის შეძენის საკითხის დადებითად გადაწყვეტა აფხაზურ საზოგადოებაში "ნარჩენი შიშის" გამო ჭიანურდება.

"აფხაზური ოპოზიცია საზოგადოებაში ეჭვების გაღვივებას ცდილობს: აქაოდა, ამის დაშვების შემთხვევაში ხვალ აფხაზები აფხაზეთის პატრონები აღარ იქნებიანო. მაგრამ ხომ ყველას გვესმის, რომ აფხაზეთიდან მიწას ვერავინ წაიღებს და რეალურად, მსგავსი შიშები რესპუბლიკის განვითარებას უშლის ხელს" - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

ზატულინის სიტყვებმა აფხაზურ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში დილიდან მის მიმართ ნეგატივის ტალღაა აგორებული.

"რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის თანახმად, ქვეყნის არაერთ ოლქში უცხოელებს მიწის შესყიდვა აკრძალული აქვთ. ზატულინი ამბობს, აფხაზურ მიწას აფხაზეთიდან ვერავინ წაიღებსო... და ბირთვული რუსეთიდან წაიღებს?! რუსეთისთვის შეიძლება საკუთარი ინტერესების დაცვა და ჩვენთვის არა? კვლავ იდიოტები ვგონივართ! მსგავსის მოსმენა განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში თავს აფხაზეთის მეგობრად ასაღებდა" - წერს სოცქსელში პოლიტიკოსი ადგურ ლაგვილავა.

თავის მხრივ, აფხაზეთის გმირი ასლან კობახია წერს, რომ "არსებობს რაღაცები, რისი გაკეთებაც აფხაზეთში დაუშვებელია":

"კონსტანტინე ზატულინს აფხაზეთში დიდ მეგობრად იცნობდნენ, თანაც ჩვენი პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას პირად მეგობრად. მისი მტკიცე პოზიციის დავიწყება აფხაზეთის ომის, შემდეგ ბლოკადის დროს უსინდისობა იქნებოდა. მაგრამ აფხაზური მიწის გაყიდვის შესახებ მისი პოზიციის გაზიარებას ჩვენი ქვეყნის ვერცერთი თავმოყვარე მოქალაქე ვერ შეძლებს. ბატონო ზატულინ, უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ არსებობს რაღაცები, რომელთა კეთებაც აფხაზეთში დაუშვებელია. ვლადისლავ არძინბას ეს ესმოდა, წინასწარ განჭვრიტა, პრევენტიულად იმუშავა და გაფიქრების საშუალებაც კი არ დატოვა აფხაზური მიწის გაყიდვაზე - უღრმესი მადლობა მას ამისათვის! ვინც ამ საკონსტიტუციო ჩანაწერის შეცვლას ეცდება, აფხაზეთში ცოცხალი ვერ გადარჩება! აფხაზეთში მიწის მხოლოდ იჯარით აღება შეუძლიათ თავად აფხაზეთის მოქალაქეებსაც კი, სხვა ყველა მანიპულაცია ცუდად დამთავრდება!!!" - წერს კობახია.

ცნობისთვის: აფხაზური ე.წ კონსტიტუციისა და "სამოქალაქო კოდექსის" თანახმად, მიწა აფხაზი ხალხის საკუთრებას წარმოადგენს და ყიდვა-გაყიდვას არ ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S