
Baza - გროზნოს ცენტრში კადიროვის მეგობრის მონაწილეობით შეიარაღებული ინციდენტი მოხდა
26/08/2022 11:57:52 კავკასია
ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში მოხდა შეიარაღებული ინციდენტი ფედერალურ ძებნაში გამოცხადებული მახი იდრისოვის მონაწილეობით, რომელიც მახაჩყალის საფეხბურთო კლუბ "ანჟის" ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერ რამზან კადიროვის ახლო მეგობარი გახლავთ.
გამოცემა Baza-ს ცნობით, იდრისოვი გროზნოს ცენტრში თანამემამულეების ჯგუფს გადააწყდა, რომელთა შორის იყო მისი ძველი ნაცნობი სპორტსმენი ნადირ ხაბიბოვი. იდრისოვმა იგი გვრდზე გაიყვანა, იარაღი ამოიღო ფეხში ესროლა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა ძველი კონფლიქტისთვის. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
როგორც Baza იუწყება დაზარალებული ხაბიბოვი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჩეჩნეთის შსს-ს საიტზე შეიარაღებული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
ცნობისთვის: 2019 წლის სექტემბერში იდრისოვი დაღესტანში ნავთობით ვაჭრობასთან დაკავშირებული თაღლითობის, ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. იგი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, მაგრამ 2020 წლის თებერვალში დაღესტნიდან ჩეჩნეთში გაიქცა, ფედერალურ ძებნაში გამოცხადდა და მას შემდეგ აღარ ჩანდა.
მახი იდრისოვი რამზან კადიროვის ახლო მეგობრადაა ცნობილი. საფეხბურთო კლუბი "ანჟი" 2022 წლის ივნისიდან მატჩებს აღარ მართავს, რადგან ვერ მიიღო ლიცენზია შემდეგი სეზონისთვის და პროფესიული სტატუსიც ჩამოერთვა.