26-08-2022 17:23:59 კონფლიქტები
ცხინვალში გაიმართა საზეიმო შეკრება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ მის მიერვე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის აღიარებას ეძღვნებოდა.
როგორც საზეიმო ღონისძიებაზე ახლადარჩეულმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა, 14 წლის წინ "სამხრეთ ოსეთის ხალხის სწრაფვა განხორციელდა".
"რუსეთის ფედერაციამ, დასავლეთის ქვეყნების უმძლავრესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და 2008 წლის 26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა სუვერენულ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, დიადი რუსეთის დაცვის ქვეშ ვაშენოთ მშვიდობიანი მომავალი, შევინარჩუნოთ ჩვენი ენა, კულტურა, საკუთარ მიწაზე ცხოვრების უფლება. საუკუნეების განმავლობაში ოსი ხალხი მტკიცედ უწევდა წინააღმდეგობას აგრესიული მეზობლის მხრიდან ასიმილაციის მცდელობებს. საქართველო უახლეს ისტორიაში სამჯერ ეცადა სამხრეთ ოსეთის ძალით დაპყრობას. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ვლადიმირ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს ოსი ხალხისთის საბედისწერო, გადამრჩენი გადაწყვეტილების მიღების გამო" - განაცხადა გაგლოევმა.
მისივე თქმით, "სამხრეთ ოსეთის განვითარების ერთადერთი ვექტორი რუსეთთან დაახლოება და ინტეგრაციაა".
"როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთში შემოსვლისას შორიდან ჩანს ჩვენი სტუდენტების მიერ ხელით შესრულებული უზარმაზარი წარწერა "მადლობა, რუსეთო!". დღეს ჩვენ ამ სიტყვებს მადლიერებით ვიმეორებთ" - დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
დღესვე თარიღთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ოსურმა დე ფაქტო საგარეო უწყებამ. მასში ნათქვამია, რომ "რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა საქართველოსთვის სამხედრო რევანშის შესაძლებლობას გამორიცხავს".
ცნობისთვის: 1990 წლამდე სამხრეთ ოსეთი წარმოადგენდა ავტონომიურ ოლქს საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. 1992 წლიდან იგი არაღიარებულ სახელმწიფოდ არსებობდა. 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის შემდეგ ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი რუსეთმა დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა. 2009 წელს საქართველოში მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმად, ე.წ სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიადაა აღიარებული.
რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუას, ნაურუსა და სირიის გარდა, მსოფლიოს ყველა სახელმწიფო , აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად მიიჩნევს.