
ოკუპანტების მიერ დანიშნული „პოლიციის უფროსი“ ზაპოროჟიეს რაიონში ჩამომხრჩვალი იპოვეს
29/08/2022 07:45:27 ევროპა
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ მიხაილოვკაში რუსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული „პოლიციის უფროსის“ ანდრეი რიჟკოვის ცხედარი იპოვეს,– იუწყება Ukrinform ზაპოროჟიეს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.
მიხაილოვკა ამჟამად რუსული ჯარების კონტროლქვეშაა.რიჟკოვი ადგილობრივ პოლიციას სოფელში პრორუსული ადმინისტრაციის ჩამოყალიბების შემდეგ ხელმძღვანელობდა.
მედიის ცნობით, ის ჩამომხრჩვალი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, სუიციდს ჰქონდა ადგილი, თუ სიკვდილი ძალადობრივი იყო.
თავის დროზე რიჟკოვი უკრაინის სასაზღვრო ქვედანაყოფებში მსახურობდა. პენსიაზე გასვლის შემდეგ საზოგადოებრივი ორგანიზაცია "მიხაილოვშჩინას მესაზღვრეები" დააარსა. უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ პრორუსულ ადმინისტრაციას თავად მიმართა და „პოლიციის უფროსად“ საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა.
ინფორმაციისთვის, არაერთხელ გავრცელდა ცნობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრორუსული ადმინისტრაციების თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმების შესახებ. მაგალითად, 24 აგვისტოს მიხაილოვკას პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან სუშკო ააფეთქეს; 12 აგვისტოს მელიტოპოლში საოკუპაციო ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი მოკლეს; მელიტოპოლის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სახლის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა და ოლეგ შოსტაკი დაიჭრა; 26 აგვისტოს ბერდიანსკში ააფეთქეს საქალაქო საგზაო პოლიციის უფროსის მოადგილის ალექსანდრე კოლესნიკოვის მანქანა, რომელიც მიყენებული დაზიანებებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა; 29 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ ოკუპირებულ ხერსონში მოკლეს ყოფილი სახალხო დეპუტატი ოლექსი კოვალიოვი, რომელიც უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებთან თანამშრომლობდა.