
სოხუმში რუსეთის ე.წ ელჩს უპირისპირდებიან:"ეს ყველაფერი აფხაზურ საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობების რევიზიისკენ უბიძგებს"
29/08/2022 09:10:32 კონფლიქტები
აფხაზეთის ვეტერანთა და მოქალაქეთა საზოგადოებრივი კავშირი "აიააირა" ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის "ელჩს" მიხეილ შურგალინს უპირისპირდება. მიზეზი რუსი დიპლომატის მიერ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ირგვლივ რუსეთ-აფხაზეთის ე.წ შეთანხმებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული პოზიციაა.
ცნობისთვის: "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ელჩმა" "ბიჭვინთის" რუსეთისთვის გადაცემის ირგვლივ შექმნილ ვითარებას "ზედმეტად პოლიტიზირებული" უწოდა და გააფრთხილა აფხაზური მხარე, რომ "ამ თემაზე პოლიტიკურმა სპეკულაციებმა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების სამომავლო განვითარებას შეიძლება, ავნოს". "ბიჭვინთასთან" დაკავშირებულმა ისტორიამ საგრძნობლად წაახალისა აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის მოწინააღმდეგეები, მათ შორის - ენგურს გადაღმა.. ისინი სიამოვნებით ატრიალებენ ამ სიუჟეტს საკუთარ ინტერესში. "ბიჭვინთის" საკითხის გადაჭრის გაჭიანურება სავარაუდოდ, აისახება რუსეთის სწრაფვაზე, ინვესტირება განახორციელოს ისეთ მასშტაბურ პროექტებში, როგორიცაა აეროპორტის, ტურისტული ობიექტების მშენებლობა, აფხაზური რკინიგზის რეკონსტრუქცია და სხვა" - განაცხადა ე.წ ელჩმა.
ამასთან დაკავშირებით "აიააირაში" განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატი დაკავებულია "ფაქტების აშკარა ფალსიფიკაციით" და არ გამორიცხეს, პრეზიდენტ პუტინს "ელჩის უფლებამოსილების გადახედვისთვის" მიმართონ.
"არაკომპეტენტურობა და არაშორსმჭვრეტელობა, რომლითაც აფხაზეთის მოქმედი ხელისუფლება თქვენთან ერთად ცდილობს რუსეთისთვის "ბიჭვინთის" გადაცემის აუცილებლობის დასაბუთებას, ხელს უწყობს აფხაზეთში ანტირუსული განწყობების ფორმირებას და აფხაზურ საზოგადოებას რუსეთთან ურთიერთობების რევიზიისკენ უბიძგებს. ამას აფხაზეთის რესპუბლიკისა და მისი მოქალაქეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მორიგ საფრთხედ განვიხილავთ და ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ პრეზიდენტ პუტინს, როგორც აფხაზეთ-რუსეთის სტრატეგიული ურთიერთობების ერთადერთ გარანტს თხოვნით, გადახედოს მიხეილ ალექსანდრეს ძე სურგალინის უფლებამოსილებას, აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციას წარმოადგენდეს" - ნათქვამია "აიააირას" განცხადებაში.
საზოგადოებრივ მოძრაობაში აღნიშნავენ, რომ აფხაზეთის მოქალაქეთა 80%-ზე მეტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთისთვის სახელმწიფო აგარაკ "ბიჭვინთისა" და იმ 300ჰა-მდე ფართობის იმ საუკეთესო მიწების გადაცემას, რომელთა ნაწილზეც ეს ობიექტია განლაგებული, ნაწილი კი მის ირგვლივ მდებარეობს სანაპირო ზოლის ჩათვლით.
მანამდე რუსეთის ე.წ ელჩს იმავე საკითხზე შეხვედრის გამართვის თხოვნით აფხაზმა აქტივისტმა ქალებმა მიმართეს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს.