
ბრეგაძე – სააკაშვილზე: "შესაძლოა, ჩვენც ჩავატაროთ დამოუკდებელი ექსპერტიზა"
29/08/2022 13:21:49 სამართალი
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის "სხვა, დამოუკიდებელი ექსპერტიზის" ჩატარებას არ გამორიცხავს.
„დამოუკიდებელი ექსპერტიზაა, რასაც ატარებს ცენტრი „ემპათია“ და ჩვენ არ გამოვრიცხავთ, ჩვენც ჩავატაროთ ექსპერტიზა. ჩვენ დაინტერესებული ვართ როგორც ამ ადამიანის, ისე ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობით და იმისთვის, რომ არ დარჩეს არც ერთი შეკითხვა, საავადმყოფოს პარალელურად, არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩავატაროთ დამოუკდებელი ექსპერტიზა“, – განაცხადა მინისტრმა.
შეკითხვაზ,ე თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობას სათანადოდ ვერ მეთვალყურეობენ, დათანხმდება თუ არა სამინისტრო სააკაშვილის ტრანსპორტირებას, ბრეგაძე ამბობს, რომ სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს:
„მსგავსი ტიპის დასკვნა შეიძლება იყოს ორგვარი ან სამგვარი, თქვენ პირდაპირ საუბრობთ ნეგატიურ შედეგზე…როგორიც უნდა იყოს დასკვნა, ამ შემთხვევაში სასჯელისგან გათავისუფლებაზე/გადავადებაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა სამინისტრო“.
მინისტრი განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებული პატიმარია და სასჯელს იხდის საქართველოში. საზღვარგარეთ მის გასაყვანად საჭიროა სასჯელის გადავადება ან სასჯელისგან გათავისუფლება, სხვა შემთხვევაში მსჯავრდებული პატიმრის ქვეყნიდან გაყვანას კანონი არ ითვალისწინებს.
მიხეილ სააკაშვილს მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ამჟამად 2 უცხოელი ექსპერტი იმყოფება, ისინი დღეს კლინიკაში მესამე პრეზიდენტთან იმყოფებოდნენ და სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარეს.