
მარიუპოლში ოკუპანტების საპატრულო ეკიპაჟი ააფეთქეს – ანდრიუშჩენკო
29/08/2022 19:01:54 ევროპა
29 აგვისტოს ღამეს, ოკუპირებულ მარიუპოლში, წინააღმდეგობის ძალების წყალობით, ოკუპანტების საპატრულო ეკიპაჟი ნაღმზე აფეთქდა. ეკუპაჟის ერთი წევრი დაიღუპა, მეორემ ქვედა კიდური დაკარგა,– იუწყება მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშჩენკო.
მისი ცნობთ, ინციდენტი კოცუბინსკის ქუჩის #5-ის მიდამოში მოხდა. წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებმა ოკუპანტები მიიტყუეს ინფორმაციით, რომ მისამართზე „აზოვის“ წევრები იმალებოდნენ:
„ყველაზე პიკანტური დეტალი ისაა, რომ დამპყრობლები საკუთარ ნაღმზე აფეთქდნენ, რომლებიც ამ ზონაში მრავლადაა, თუმცა ამას ყურადღებას არ აქცევენ, ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ“.
ანდრიუშჩენკო ასევე იუწყება, რომ ოკუპირებულ ქალაქში უკრაინის დროშა გამოფინეს: 28 აგვისტოს უკრაინული სიმბოლო გამოჩნდა მარიუპოლის ცენტრში, 29 აგვისტოს დილით კი 63-ე და 64-ე სკოლებს შორის არსებულ კომუნალურ შენობაზე. ოკუპანტები უკრაინის დროშებს ხსნიან და „პარტიზანებს“ ეძებენ.