
უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონთან ოთხი დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს – CNN
29/08/2022 19:40:44 ევროპა
უკრაინელმა მებრძოლებმა ხერსონის მიდამოებში დამპყრობლებისგან 4 სოფელი გაათავისუფლეს,– იუწყება CNN უკრაინის შეიარაღებულ ძალებში წყაროზე დაყრდნობით.
„ოპერაცია ღამით რუსული პოზიციების მასიური დაბომბვით დაიწყო. შეტევის ძირითადი მიმართულება იყო პრავდინო. ჩვენ მათ ქვეითებს დავარტყით. ისინი გაიქცნენ. რუსული დესანტიც მათ მიჰყვა. ახლა ჩვენ გავათავისუფლეთ 4 სოფელი. მათი დაცვის პირველი ხაზი სამ ადგილას გავარღვიეთ“, - უთხრა მედიასაშუალებას წყარომ.
მისივე ცნობით, გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო.
წყარო ამბობს, რომ რუსულ ძალებს აქვთ დანაკარგები ცოცხალი ძალისა და ტექნიკის სახით. ამასან, უკრაინელებმა ტყეები აიყვანეს:
„ვნახავთ როგორ წავა შეტევა. ჩვენი მიზანი ხერსონია!“.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ
თეთრი სახლი ინფორმირებულია უკრაინის მიერ სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევის დაწყების თაობაზე, თუმცა უკრაინის კონკრეტულ სამხედრო ოპერაციებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.
ამასთან, კირბიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად უკრაინის კონტრშეტევის ზომისა და მასშტაბისა, უკრაინელებმა უკვე იქონიეს გავლენა რუსეთის საბრძოლო პოტენციალზე:
„რუსებს მოუწიათ რესურსის აღმოსავლეთიდან გამოყვანა მხოლოდ განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ უკრაინელები სამხრეთით კონტრშეტევის დაწყებას გეგმავდნენ. ამის გამო მათ მოუხდათ ზოგიერთი ქვედანაყოფის დასუსტება უკრაინის აღმოსავლეთით, რათა რეაგირება მოეხდინათ იმაზე, რასაც ისინი ცალსახად მიიჩნევდნენ საფრთხედ“.
მისივე ინფორმაციით, რუსეთი კვლავინდებურად განიცდის კადრებთან დაკავშირებულ პრობლემებს უკრაინაში და ამიტომ ცდილობს "ბოევიკების" რეკრუტირების გაფართოებას.