
"ოკუპანტებს საზღვრამდე მივრეკავთ!" – ზელენსკი ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევის შემდეგ
29/08/2022 20:49:16 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ამბობს, რომ უკრაინელი დამცველები დამპყრობლებს საზღვრამდე მირეკენ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების გეგმებზე არავინ არაფერს იტყვის და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ ან დანებდნენ.
„ვის უნდა, იცოდეს, რა გეგმები გვაქვს? კონკრეტულად ვერც ერთი პასუხისმგებელი პირისგან ვერ გაიგებთ, რადგან ეს ომია და ომში ასეა. მაგრამ დამპყრობლებმა უნდა იცოდნენ: ჩვენ მათ საზღვრამდე მივრეკავთ. ჩვენს საზღვრამდე, რომლის ხაზიც არ შეცვლილა. დამპყრობლები მას კარგად იცნობენ. თუ მათ გადარჩენა სურთ, დროა, გაიქცნენ. თუ რუსეთში, შინ დაბრუნება აშინებთ, ჩაბარდნენ. ჟენევის კონვენციის ყველა ნორმის შესრულების გარანტიას ვაძლევ“,– განაცხადა ზელენსკიმ 29 აგვისტოს ღამეს, ტრადიციული ვიდეომიმართვისას მას შემდეგ, რაც უკრაინის მიერ ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევის შესახებ გახდა ცნობილი.
მანამდე უკრაინის თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა დაადასტურა ცნობას იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მისადგომებთან გაარღვიეს რუსეთის არმიის თავდაცვის პირველი ხაზი, თუმცა მედიას მოუწოდა, არ მოახდინოს მოვლენის გაზვიადება და ნუ ჩაეძიება დეტალებს.
„საკმარისია ის ცნობა, რომელიც უკვე გავრცელდა: არის გარღვევა და შესაძლებლობა, რომ ჩვენი მხრიდან ეს მოქმედებები განვითარდეს, ხოლო, მტრის ზოგიერთმა დანაყოფმა უკან დაიხია“, - თქვა ნატალია გუმენიუკმა და დასძინა, რომ ნებისმიერ სამხედრო ოპერაციას სიჩუმე სჭირდება.
ოპერატიული სამხედრო დაჯგუფების, „კახოვკის“ ცნობით, რუსეთის არმიის მიერ დაკავებულ ხერსონის ოლქში განადგურებულია თითქმის ყველა დიდი ხიდი.
მანამდე CNN იუწყებოდა, რომ უკრაინელებმა ხერსონის მიდამოებში ოთხი სოფელი დაიბრუნეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა უკრაინის იერიშის დაწყება, მაგრამ ირწმუნება, რომ შეტეუა წარუმატებელი აღმოჩნდა და მისმა ძალებმა უკრაინელებს დიდი ზარალი მიაყენეს:
„მტრის მიერ თავდასხმის მცდელობამ სრული მარცხი განიცადა“.
მანამდე რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აკსენოვი ირწმუნებოდა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სამხრეთით კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ ცნობა „უკრაინული პროპაგანდის მორიგი „ფეიკია.“
ამავე დროს, ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული „ხელმძღვანელის მოადგილემ" იური სობოლევსკიმ მოსახლეობას მოუწოდა, საკუთარი თავისა და ახლობლების უსაფრთხოებაზე იზრუნონ. კახოვკის რაიონში რუსეთის მიერ დანიშნული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის „ხელმძღვანელის" ვლადიმირ ლეონტიევის თქმით, ნოვაია-კახოვკის მცხოვრებლებისთვის გამოცხადებულია ევაკუაცია სამუშაო ადგილებიდან, „ხალხი იმყოფება ქალაქში, თავშესაფრებში, რადგან განგაშის ხმა არ წყდება".