
სოსო გოგაშვილის დაცვის წევრს ბრალი წარუდგინეს
30/08/2022 14:53:34 სამართალი
პროკურატურამ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაცვის ყოფილ უფროსს ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი წარუდგინა.
სამხარაძის ადვოკატის რამაზ ჩინჩალაძის განცხადებით, მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის უკანონო შენახვა (სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით). ალექსანდრე სამხარაძე არ დაუკავებიათ.
„რამაზ სამხარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო, საშტატო იარაღი ჰქონდა. როდესაც თანამდებობა დატოვა, იარაღი ჩააბარა, ხოლო ტყვიების ჩაბარება დაავიწყდა და ამან მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გამოიწვია. 16 ივნისს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს, ეს ტყვიები აღმოაჩინეს და ბრალი დღეს წაუყენეს", - განმარტა ადვოკატმა.
მისი თქმით, ალექსანდრე სამხარაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ, 31 აგვისტოს იმსჯელებს. დაცვის მხარე პროცესზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.
„მე გირაოს შეფარდებასაც არ მოვითხოვ. გირაოს არ დავეთანხმები, რადგან მისი მხრიდან მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობს და ამიტომ აღკვეთის არც ერთი ღონისძიება არ უნდა იქნას გამოყენებული", - განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.