
ინალ არძინბა: "უკრაინელი რადიკალებისგან ყოველდღიურ მუქარებს ვიღებ"
30/08/2022 16:47:34 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, კრემლის მიერ ხელდასმული ინალ არძინბა ირწმუნება, რომ "უკრაინელი რადიკალებისგან ყოველდღიურ რეჟიმში მუქარებს იღებს". ეს განცხადება მან პროპაგანდისტი ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემის ეთერში გააკეთა.
"2015 წლიდან, როცა დსთ–ის სივრცეში ჰუმანიტარული კონტაქტებით ვიყავით დაკავებულები, ვიღებ უკრაინელი რადიკალებისა და ნაციონალისტების მუქარებს. ხოლო უკრაინაში სპეციალური ოპერაციის დაწყების შემდეგ მუქარებმა პრაქტიკულად ყოველდღიური სახე მიიღო. მაგრამ ეს ვერ შეგვაჩერებს, ისინი ჩვენს ქცევაზე ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენენ", – განაცხადა არძინბამ.
მან მწუხარება გამოთქვა კრემლის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის ქალიშვილის დარიას გარდაცვალება გამო და განაცხადა, რომ "უკრაინელი რადიკალები თავის ტრადიციულ ინსტრუმენტებს – მკვლელობებსა და მუქარას იყენებენ".
როგორც დე ფაქტო საგარეო უწყების პრეს–ცენტრი იტყობინება, არძინბამ სოლოვიოვს აფხაზური ეროვნული სამოსი "აკაბა" უსაჩუქრა.
ცნობისთვის: ინალ არძინბა დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. მანამდე, 2014–20188 წწ. იგი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, "დსთ–ის ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ–ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში" ხელმძღვანელობდა დეპარტამენტს, რომელიც უკრაინას კურირებდა.
2018 წელს არძინბა რუსეთის პატრიარქთან შექმნილი "ახალგაზრდობის საქმეთა კონფესიათაშორისი საზოგადოებრივი საბჭოს" თავმჯდომარედ დაინიშნა.
2015 წლის ნოემბერში უკრაინის პროკურატურამ არძინბას დაუსწრებლად ბრალი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის შეცვლის მზადებაში, თანამოაზრეთა გადაბირებასა და ოდესის ოლქის ტერიტორიაზე "ბესაარაბიის" სუვერენული სახელმწიფო წარმონაქმნის უკანონო გამოცხადებისთვის წინაპირობების შექმნაში, ასევე ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტეროროსტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში. იმავე წლიდან არძინდა უკრაინაში ძებნაშია გამოცხადებული და როგორც ქვეყნის შსს–ს ბაზაშია აღნიშნული, იგი წინასასამართლო გამოძიების ორგანოებს ემალება.