
საერთაშორისო მისია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა – მედია
31/08/2022 06:12:26 ევროპა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის ავტოკოლონა დღეს დილით კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ გაემგზავრა,- იუწყება Reuters თვითმხილველზე დაყრდნობით.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩავლენ ექსპერტები ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურის რაიონში, რომელსაც ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები აკონტროლებენ.
კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველ ქმედებებში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა დელეგაციაში 14 წევრია. მისიას სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი ხელმძღვანელობს. ექსპერტები უკრაინაში 29 აგვისტოს გაემგზავრნენ და კიევში 30 აგვისტოს ჩავიდნენ.
გროსის განცხადებით, მისიამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება. ამასთან, რუსეთის მიერ დანიშნული "დროებითი ადმინისტრაციის" ე.წ. ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო "ინტერფაქსს" უთხრა, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტთა ვიზიტის პროგრამა ერთ-დღიანია და სადგურის მუშაობას ერთ დღეში უნდა გაეცნონ.