
ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ფინეთმა რუს ტურისტებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხე უწოდეს
31/08/2022 10:05:22 ევროპა
ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა, ფინეთმა და ესტონეთმა შენგენის ქვეყნებში რუსების შესვლას საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხე უწოდეს და ევროკომისიისგან რუსი ტურისტებისთვის შემზღუდავი ზომების მიღება მოითხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მსგავსი ნაბიჯების ეროვნულ დონეზე გადადგმას განიხილავენ,– იუწყება The Financial Times.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხუთი ქვეყნის ერთობლივი განცხადება წარმოდგენილი იყო ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ჩეხეთში მიმდინარეობს. აღნიშნულია, რომ თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, დაახლოებით 700 000 რუსი შევიდა რუსეთის მოსაზღვრე ევროკავშირის ქვეყნებში და რომ მათი უმეტესობა ტურისტია, რომლებიც დასასვენებლად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიემგზავრებიან.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა შეწყვიტა საჰაერო კომუნიკაცია რუსეთთან, ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა მხოლოდ სატრანზიტო ქვეყნების ან სახმელეთო საზღვრების გავლით გახდა შესაძლებელი. ადრე ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემის შეწყვეტას მოითხოვდნენ, თუმცა კავშირის ზოგიერთი დასავლეთ ევროპელი წევრი, კერძოდ გერმანია და საფრანგეთი, ეწინააღმდეგება ამას.
გასულ წელს, რუსეთის 536 000–მა მოქალაქემ ითხოვა შენგენის ვიზა, მათგან 3%–მა მიიღო უარი– იტყობინება AFP. ევროკავშირი 2022 წლის სტატისტიკას არ აქვეყნებს.
აგვისტოს შუა რიცხვებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა შეისწავლის გზებს, რათა შეამციროს რუსებზე ტურისტული ვიზების გაცემა, თუ ევროკავშირი ამას თავად არ გააკეთებს. 2022 წლის პირველ ექვს თვეში კოპენჰაგენმა რუსებზე 141 ტურისტული ვიზა გასცა. ეს თითქმის 3-ჯერ აღემატება 2021 წლის მონაცემებს. მაინ მელი წლის განმავლობაში 49 ვიზა გაიცა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Washington Post-თან ინტერვიუში დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთის ყველა მოქალაქის შესვლა აკრძალონ. ლატვიამ, ჩეხეთმა და ესტონეთმა რუსებისთვის შენგენის ტურისტული ვიზების გაცემა შეაჩერეს, ფინეთმა კი განაცხადა, რომ შეზღუდავს მათ რაოდენობას.