
სასამართლომ სოსო გოგაშვილის დაცვის წევრს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
31/08/2022 10:27:40 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის დაცვის წევრს ალექსანდრე სამხარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მოსამართლე სერგო მეთოფიშვილმა გადაწყვეტილება ადგილზე თათბირით მიიღო.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
თავად ბრალდებულმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ამ თანხის გადახდა მისთვის პრობლემას წარმოადგენს.
ალექსანდრე სამხარაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ალექსანდრე სამხარაძეს თავისუფლების 3-დან 6 წლამდე აღკვეთა ემუქრება.