Accentnews.ge
"წავიდეს სხვაგან!“: რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა პოზიცია

"წავიდეს სხვაგან!“: რატომ შეცვალა ზურაბიშვილმა პოზიცია

31/08/2022 09:53:54 პოლიტიკა

„ადამიანს, რომელიც იყო 5 წელიწადი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. ელჩი, რომელსაც კონტაქტები არ აქვს, არ დაუწერია არც ერთი სტატია, არც ერთ ტელევიზიაში არ გამოსულა, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს დანიშნული გაერო–ში, რომელიც ჩვენთვის მთავარი მოკავშირეა ვაშინგტონთან, ნიუ-იორკთან და ბრიუსელთან ერთად. წავიდეს სხვაგან!“,– დავით ბაქრაძის მისამართით ამ სიტყვების წარმოთქმიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა მაინც მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლის თანახმადაც, ბაქრაძე გაერო–ში საქართველოს ელჩად დაინიშნა.

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დუმილის რეჟიმს ინარჩუნებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განაპირობა ზურაბიშვილის კრიტიკული პოზიციის ცვლილება და არც საგარეო საქმეთა სამინისტროში აკეთებენ კომენტარს, რჩება მხოლოდ ვარაუდები. ერთ–ერთი ვერსიაა, რომ შესაძლოა, ეს საკონსტიტუციო დავას უკავირდებოდეს, რომელიც მთავრობამ პრეზიდენტის წინააღმდეგ წამოიწყო კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე უარის თქმის გამო. საკონსტიტუციო სასამართლოში ადასტურებენ, რომ სარჩელი ამ ეტაპზე სასამართლოში რჩება, თუმცა მისი უკან გათხოვა შესაძლებელია.

„ალბათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სიტუაცია გაანალიზა და შედეგად სწორ გადაწყვეტილებამდე მივიდა - საკითხი ადრე თუ გვიან, გადაწყდა და გადაწყდა მართებულად!“ – ფიქრობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და დასძენს, „კარგია, რომ საკითხი საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. აქედან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ ამ თემაზე რაღაც ხისტი კომენტარები უნდა გავაკეთო. საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია გაეროში გვყავდეს საკმაოდ გამოცდილი დიპლომატი, ისევე როგორც კანადაში. სწორედ ეს გადაწყვეტილება არის მიღებული".

რაც შეეხება საკონსტიტუციო დავას, ვოლსკის მტკიცებით, ეს „ეს არის აუცილებლობა, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთოს, კონსტიტუციით რა უფლებამოსილებას ფლობს პრეზიდენტი, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები“:

„თუ კონსტიტუციით გაწერილი არ არის, რომ პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი იმ დიპლომატის დანიშვნას, რომელსაც მას მთავრობა წარუდგენს, არანაირი გაუგებრობა არ უნდა წარმოიშვას. ამიტომ აუცილებელია, ამაზე განმარტება საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთოს".

საკონსტიტუციო სარჩელზე მინიშნება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემაც:

„პრეზიდენტის უფლებამოსილება არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობას ამ კომპეტენციის და მისი ჩარჩოების შესახებ გარკვეული მითითებები დასჭირდა, მათ შორის, საკონსტიტუციო სარჩელის ფორმით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი - კონსტიტუციაში ყველა კონსტიტუციური ორგანოს და ყველა თანამდებობის პირის უფლებამოსილების ფარგლების შესახებ წერია და ეს ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. ამ კომპეტენციის ფარგლებში მთავრობის მიერ წარდგენილ კონკრეტულ კანდიდატურას ხელი უნდა მოაწეროს და ასეც მოიქცა და ჩვენი ოპონენტები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ ქმედებას მძევლობას არქმევენ“.

ზემოთქმულ ვერსიას დასაშვებად მიიჩნევს დიპლომატი გიორგი ფალიაშვილი, თუმცა ნაკლებად იზიარებს. მისი ხედვით, თუ გარიგების ნაწილად რეალურად იქცა სარჩელის უკან გაწვევა, ეს დაადასტურებს როგორც მთავრობის, ისე პრეზიდენტის უპრინციპობას და იმას, რომ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით არანაირი რწმენა არ აქვთ. თუმცა ის უფრო სხვა ვერსიას ემხრობა.

„ვფიქრობ, ვაშინგტონში საქართველოს ელჩზე პრეზიდენტის პოლიტიკური თავდასხმის მიზანი არ ყოფილა მისი კანდიდატურის დაბლოკვა – მიზანი იყო, საზოგადოებას უბრალოდ გაეგო, რომ ელჩი გამორჩეული უსაქმურია და რომ არ იმსახურებს გაერო–ში მუდმივმოქმედ წარმომადგენლად დანიშვნას. ეს ერთგვარი პოლიტიკური დემარში იყო და მიზანს მიაღწია კიდეც – საზოგადოებას გააგებინა, რომ ელჩი პრაქტიკულად არაფერს აკეთებდა.

არის შესაძლებლობა, რომ შედგა გარკვეული გარიგება: შეიძლება, მისცეს [პრეზიდენტს] ერთი ან ორი კანდიდატის ელჩად დანიშვნის შესაძლებლობა, მაგალითად, საფრანგეთში ან სადმე სხვაგან. ამას მალე გავიგებთ“,– ამბობს დიპლომატი.

განახლება

დღის მეორე ნახევარში პრეზიდენტის ადმინისტრაციში დაადასტურეს ელჩის დანიშვნა, თუმცა იქვე დასძინეს, რომ პრეზიდენტის კრიტიკული შეფასება კვლავ ძალაშია. იმავდროულად, ბუნდოვანი რჩება ზურაბიშვილის მოტოვი, თუ რატომ დასთანხმდა ის მთავრობის წინადადებას:

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე, მისი დანიშვნა გაერო-ში მუდმივ წარმომადგენლად მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად, ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.

რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანიშნული იქნა პრეზიდენტის განკარგულებით, 30 აგვისტოს გაერო-ში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობიდან შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი იყო მისი ინაუგურაციის შემდეგ 39, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე“, – განაცხადა, პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S