Accentnews.ge
სსრკ-2-ში შესვლა: ასლან ბჟანია თანახმაა, აფხაზი ხალხი - წინააღმდეგი

სსრკ-2-ში შესვლა: ასლან ბჟანია თანახმაა, აფხაზი ხალხი - წინააღმდეგი

31/08/2022 15:01:31 კონფლიქტები

რამდენიმე დღის წინ კრემლის პროპაგანდისტმა ვლადიმირ სოლოვიოვმა თავის ეთერში აფხაზეთის პრეზიდენტს დაუსვა კითხვა, როლისთვისაც შედგა კიდეც, სავარაუდოდ, ეს მათი საჯარო საუბარი. იგი დაინტერესდა, “რამდენად ახლოა” ასლან ბჟანიასთვის საკავშირო სახელმწიფოს იდეა. «იგი ახლოა აფხაზი ხალხისთვის – ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ” – უყოყმანოდ უპასუხა პრეზიდენტმა. და არ ვიცი, რას ეყრდნობოდა იგი ამ თავის განცხადებაში, მაგრამ ვიცი, რომ არავითარი მასშტაბური გამოკითხვა აღნიშნულ თემაზე ხელისუფლებას რესპუბლიკაში არ ჩაუტარებია. ხოლო თუ სოცქსელებში გამოხატული რეაქციითა და ჩემს მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა უმრავლესობის პასუხებით ვიმსჯელებთ, საკავშირო სახელმწიფოს იდეა ისევე შორსაა მათგან, როგორც პრეზიდენტი - ხალხისაგან.

თვალსაჩინოებისთვის მოვიყვან რამდენიმე რესპონდენტის პასუხებს:

“ვინმეს შეუძლია, გარკვევით ამიხსნას, რას მოგვცემს ამ საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანება? რისთვის უნდა ვთქვათ ნებაყოფლობით უარი საკუთარ დამოუკიდებლობაზე, როლისთვისაც ამდენი ვიწვალეთ, ამდენი ადამიანი შეეწირა, ამდენი ოჯახი გაუბედურდა?! რუსეთმა ჯერ გვაღიარა, ახლა კი უცებ მასთან კავშირში შესვლა მოგვთხოვა… ეს რა, საბავშვო თამაშია?! თუ ჩვენს ხელისუფლებას დაავიწყდა, რამხელა მსხვერპლი გავიღეთ დამოუკიდებლობისთვის, დროა, შევახსენოთ!”;

“ჩვენ რაში დავჭირდით რუსეთს ამ საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში – ეს მესმის: როგორც ვიცი, არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა მასში გაწევრიანებისკენ არ იღწვის, ამიტომაც, მსურველთა არსებობის მოჩვენებითი სურათის შესაქმნელად, გვითრევენ ჩვენ – პატარებსა და სუსტებს. მაგრამ აი, ჩვენ რაში გვჭირდება ეს ყველაფერი – წარმოდგენა არ მაქვს. ვუსმენ ჩვენს პრეაზიდენტს, ვუსმენ, მაგრამ ვერავითარი საფუძვლიანი არგუმენტი ამის სასარგებლოდ ვერ მოვისმინე”;

“ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ ვაცნობიერებთ, რომ ამ არაუსაფრთხო სამყაროში გვჭირდება მყარი კავშირი რუსეთის ფედერაციასთან” – აცხადებს ასლან ბჟანია. გამოდის, აქამდე ჩვენი კავშირი არასაკმარისად მყარი იყო? აფხაზეთის ტერიტორია გადაძეძგვილია რუსული სამხედრო ბაზებით. ფინანსური თვალსაზრისითაც რუსულ “ნემსზე” ვართ შესმულები. გარე სამყაროსთანაც მხოლოდ რუსეთის გავლით შეგვიძლია კავშირის დამყარება. კიდევ რა სიმყარეა საჭირო?! ამ ყველაფერს ცუდი სუნი უდის და კარგს არაფერს მოგვიტანს”;

“მაინტერესებს, რა სტატუსით ხედავს ჩვენი ხელისუფლება აფხაზეთს ამ საკავშირო სახელმწიფოში, რომლის ორად ორი წევრიდან ერთი – ბელარუსი ჩვენს დამოუკიდებლობას არ სცნობს? მხოლოდ ერთი ვერსია მომდის თავში: ჩვენ მასში მხოლოდ რუსეთის რაღაც დანამატის სახით შეიძლება, შევიდეთ. როგორც ჩანს, სწორედ ამ აზრს გვაჩვევდა ასლან ბჟანია, როცა ამასწინათ აბობდა, “რუსეთისთვის სუვერენიტეტის გაზიარება მოგვიწევსო”. მაგრამ არც პირადად მე, არც ვინმე ჩემს გარემოცვაში, ვისთანაც ბოლო დროს ამ თემაზე მქონია საუბარი, ამაზე თანახმანი არ ვართ”;

“პრეზიდენტი ჩვენს დაუცველობაზე მიანიშნებს – აქაოდა, მსოფლიო შეიცვალა, უსაფრთხო აღარაა და ამიტომ რუსეთთან “მყარი კავშირი” გვჭირდებაო. რაღაც ვერ გავიგე. წლობით გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ჩვენი უსაფრთხოების მყარი გარანტი იყო. თუ ამ მხრივ რაიმე შეიცვალა და თავად რუსეთი გახდა მოწყვლადი, მაშინ რისი მომცემი იქნება ჩვენთვის მასთან რაიმე საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლა? ხოლო თუ არაფერი შეცვლილა, რა საჭიროა მაშინ მსგავსი იდეები? არც რუსეთისთვის, არც ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამას არავითარი აზრი არ აქვს”;

“თუ სწორედ გავიგე ასლან ბჟანიას სიტყვები, საკავშირო სახელმწიფოში შესვლით მას სურს, დაუმტკიცოს რუსეთს, რუს ხალხს, რომ ჩვენ მათთვის ნამდვილი მოკავშირეები ვართ. და რა, ოდესმე მიგვიცია ამაში დაეჭვების საფუძველი? გარდა ამისა, მეტისმეტად ძვირი მტკიცებულება ხომ არ იქნება ჩვენი დამოუკიდებლობის დათმობა? მსოფლიოში ბევრი მოკავშირე სახელმწიფოა, მათ შორის – სტრატეგიული მოკავშირეებიც, მაგრამ ერთმანეთისთვის ერთგულების დასამტკიცებლად ისინი საკავშირო სახელმწიფოებს არ ქმნიამ და სუვერენიტეტს ერთმანეთს არ სწირავენ”;

“თუ ვინმე ვერ მიხვდა, რას უკავშირდება ეს ყველაფერი რეალურად, გაეცნოს კონსტანტინე ზატულინის [რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის – რედ.] ამასწინანდელ განცხადებას. კაცმა გარკვევით თქვა, “საკავშირო სახელმწიფოში აფხაზეთის შემოსვლის შემდეგ აფხაზური მიწის რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის საკითხზე შეთანხმების მიღწევა გაადვილდებაო”. კიდევ გაქვთ კითხვები? მე მგონი, ყველაფერი ნათელია”;

“იმის მიუხედავადაც კი, რომ ბელარუსს ჩვენი დამოუკიდებლობა ამ დრომდე არ უღიარებია, ასლან ბჟანია მინსკსა და მოსკოვთან საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში იღწვის იმ ერთადერთ საფუძველზე, რომ აფხაზეთით თურმე, ბელარუსული ბიზნესი დაინტერესებულა. ოღონდ თავისთვის სარფიანად გაყიდონ, გაასხვისონ, გააჩუქონ ყველაფერი – ესაა ჩვენი ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი! ბჟანია, რომელიც რუსეთის მიერ მოგდებულ ნამცეცებსაა მიჩვეული, მომავალშიც მათით აპირებს ცხოვრებას და ახლა, როგორც ჩანს, ბელარუსის მატერიალური დახმარების იმედიც გაუჩნდა”;

“ასლან ბჟანია, რომელსაც აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის ოში მონაწილეობა არ მიუღია, როგორც ირკვევა, გულმხურვალე მხარდამჭერია მის მიერ მართული ქვეყნის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანების. არც კი ვიცი, უნდა გაგვიკვირდეს ეს თუ არა? მისი მეუღლე ხომ დიდი ხანია, პრესტიჟულ თანამდებობაზე მუშაობს რუსეთის მთვლელ პალატაში. მათი შვილებიც მოსკოვში ცხოვრობენ. იქ ხედავს, როგორც ჩანს, საკუთარ მომავალს ასლან გიორგის ძეც. ხოლო რა ბედი ეწევა აფხაზეთს – მათთვის ალბათ, მეასეხარისხოვანი საკითხია”;

“მას შემდეგ, რაც რუსეთი, დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, დადგება სრულიად ახალი რეალობა” – აცხადებს ჩვენი პრეზიდენტი. როგორც ადამიანი, რომელსაც არასოდეს უომია, იგი ამაში შეიძლება, მართლაც იყოს დარწმუნებული, აი სამხედრო ექსპერტები კი დარწმუნებულები სულაც არ არიან. როგორც ჩანს, ჩვენი პრეზიდენტი დიდად ვერც ეკონომიკის საკითხებში ერკვევა, რაკი ვერ ხვდება, როგორი კრახი ელის რუსეთის ეკონომიკას უახლოესი ორი-სამი თვის განმავლობაში. და რა ბედი ეწევა აფხაზეთს, რომელიც ასეთ რუსეთთან რაიმე საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში შევა, თუკი თავის პროგნოზებში ექსპერტები არიან მართლები და არა ასლან ბჟანია? - ამის წარმოდგენაც კი მზარავს!”.

პირადად მე ნაკლებად მჯერა პრეზიდენტის სრული სტრატეგიული სიბეცის. საქმე აქ ალბათ, სხვა რამეშია – რუსეთის მხრიდან ღია შანტაჟში, რომელიც ამ დღეებში მისი ახალი ელჩის – მიხეილ შურგალინის მიერ ჯერ “რია ნოვოსტისთან” გაკეთებულ განცხადებებში გამოვლინდა, ხოლო შემდეგ – ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. რუსეთის წარმომადგენლებს ადრეც არაერთგზის გამოუჩენიათ თავხედობა ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებისას, მაგრამ "დიპლომატმა" შურგალინმა ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა. მისი თეზისების ტონიცა და შინაარსიც, რომელიც არა მარტო აფხაზურ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არამედ მოსახლეობის გრძნობებსაც შეურაცხყოფს, მეტყველებს მხოლოდ ერთზე: მოსკოვი გარემოებათა გამო აფხაზეთის შთანთქმის გეგმის რეალიზებას აჩქარებს და სტრატეგიული მეგობრის ნიღბის ქვეშ ჩვენთან “ლოლიავს” აღარ აპირებს.

რაც შეეხება ასლან ბჟანიას, ვფიქრობ, მას მშვენივრად ესმის, რომ საკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხები სადღეისოდ წყდება არა რუსეთში, არა ბელარუსში და მით უფრო არა აფხაზეთში, არამედ უკრაინაში. და წყდება სულაც არა იმ პოლიტიკოსების სასარგებლოდ, რომლებიც სსრკ-ის აღორძინებას ცდილობენ. უბრალოდ როცა “დამწვრის სუნი” დატრიალდა, ჩვენმა პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, იზრუნოს პირად მომავალზე და არა აფხაზეთისა და აფხაზი ხალხის ბედზე.

ინალ არისთავა

_________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S