
დონბასელი პრორუსი აქტივისტი საქართველოში ბიზნესს აწარმოებს
01/09/2022 11:03:00 პოლიტიკა, სამართალი
საქართველოში დონბასელი პრორუსი აქტივისტი, 22 წლის დანიილ დეევი იმყოფება, რომელიც უკრაინული «Миротворец»-ის სიაში "ტერორისტებისა და ოკუპანტების ხელშემწყობადაა" აღრიცხული.
პროექტი «Миротворец» აღრიცხავს პირებს, რომლებიც უკრაინის კანონმდებლობას არღვევენ და ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულებს სჩადიან.
უახლოეს წარსულში დანიილ დეევი რუსეთის პირველი არხის ეთერში ხელს ართმევდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ დენის პუშილინს და დონეცკში "უკრაინელ ნაცისტებზე" საუბრობდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მას შესაძლოა, რუსული არმიის მხარესაც ჰქონდეს ნაბრძოლი. თავის "ინსტაგრამში" დეევი აქვეყნებდა სამხედრო ფორმაში გადაღებულ ფოტოებს წარწერით «Слышу ZOV», ასევე მოხსენებას "რა დაკარგა უკრაინამ რუსეთთან ომის 6 საათის განმავლობაში" Z სიმბოლოს ფონზე შემდეგი მინაწერით: "ეს მხოლოდ დასაწყისია. უკან მოიხედეთ, კეფაზე ჩვენს სუნთქვას ვერ გრძნობთ?"
საქართველოში დეევი ფინანსურ საქმიანობას აწარმოებს, კერძოდ, რუსეთიდან იზიდავს კლიენტებს, რომელთაც ფინანსურ ოპერაციებში დახმარებასა და შუამდგომლობას სთავაზობს, - იუწყება SOVA.
როგორც თავად დეევი ირწმუნება, საქართველოში იგი "სრულიად შემთხვევით მოხვდა": "ჩემს გუნდთან ერთად თურქეთისკენ გვეჭირა გეზი და გზად საქართველოში შემოვიარეთ ქართული ბარათების გასახსნელადო".
ცნობისთვის: ცოტა ხნის წინ საქართველოს მომღერალ ქეთა თოფურიას ქმარი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერ რამზან კადიროვის მრჩეველი ლევ დენგოვი სტუმრობდა, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონიც აქვს დარღვეული.