Accentnews.ge
რუსეთის ანექსიური ზრახვების გამო აფხაზეთში “სახელმწიფო სუვერენიტეტის გადარჩენის კომიტეტი” ჩამოყალიბდა

რუსეთის ანექსიური ზრახვების გამო აფხაზეთში “სახელმწიფო სუვერენიტეტის გადარჩენის კომიტეტი” ჩამოყალიბდა

01/09/2022 13:09:40 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც იქნა, გააცნობიერეს მოსკოველი “სტრატეგიული მოკავშირის” რეალური - ანექსიური ზრახვები და “სახელმწიფო სუვერენიტეტის გადარჩენის კომიტეტი” ჩამოაყალიბეს.

ახალ ერთობაში, რომელიც სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და დე ფაქტო პრეზიდენტთან აფილირებული “ამცახარას” გარდა, ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, “პარლამენტის” მე-6 მოწვევის წევრები და მეცნიერებიც შედიან.

კომიტეტის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს პირველი ბრიფინგი, რომლის ერთ-ერთ თემას რუსეთის პრეზიდენტს დაქვემდებარებული სახელმწიფო დაცვის სამსახურის (ФСБ) საკუთრებაში ბიჭვინთის 301 ჰა საუკეთესო მიწებისა და ობიექტების გადაცემა წარმოადგენდა. “ეს სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა, აფხაზი ხალხი ეკონომიკური ბაზის გარეშე დატოვონ და საკუთარ მომავალზე კონტროლი წაართვან” – გაიჟღერა ბრიფინგზე.

კომიტეტის წევრები უპირისპირდებიან დე ფაქტო ხელისუფლების სწრაფვას, “ყველაფერზე წავიდეს საკუთარ მერკანტილურ ინტერესებში და რუსეთის საამებლად”. ისინი მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, რომელსაც აფხაზეთის ბედი აღელვებს, მომავალი კვირისთვის დაგეგმილ დიდ სახალხო შეკრებას შეუერთდეს.

«ჩვენ ვდგავართ კარდინალური ცვლილებების, რეფორმებისა და სახელისუფლებო სისტემის ხალხის მიზნებსა და ამოცანებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობის წინაშე. მაგრამ რაში მდგომარეობს ეს მიზნები და ამოცანები – გაუგებარია, ისინი ამ დრომდე არ არის ფორმულირებული! შიდა პრობლემებს დაემატა მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების შეცვლაც. ეჭვი არ მეპარება, რომ აფხაზეთი კვლავაც დარჩება რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში, მაგრამ აუცილებელია ჩვენი ადგილისა და როლის განსაზღვრა მასში, აფხაზეთს კი შესაბამისი კონცეფცია ამ დრომდე არ აქვს” – განაცხადა ბრიფინგზე ორგანიზაციის წევრმა, ისტორიკოსმა გურამ გუმბამ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აფსხარას” ხელმძღვანელი ლევან მიქავა ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთის ე.წ. ელჩის – მიხეილ შურგალინის ამასწინანდელ განცხადებას, რომლის თანახმად, ბიჭვინთა “ერთგვარი “ლაკმუსის ქაღალდია” და მხოლოდ დასაწყისი, რომელსაც კიდევ 20-მდე პროექტი მოჰყვება”.

“ამას ჩვენს საზოგადოებაში უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია, უპირველესად, იმით, რომ თუ ხსენებულ 20-მდე პროექტს რუსეთს გადავცემთ იმის მსგავსი სქემით, რომლითაც ჩვენმა პრეზიდენტმა ბიჭვინთის გადაცემის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი და რომელიც არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, კანონებსა და აფხაზი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ დავჯარგავთ სუბიექტობას და ვეღარ გავარძელებთ მომავალში საკუთარ ბედზე კონტროლს” – განაცხადა მიქავამ.

დე ფაქტო პარლამენტის წინა – მე-6 მოწვევის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატალი სმირმა აღშფოთება გაიზიარა რუსეთის ე.წ. ელჩის განცხადებების გამო, თუმცა აღნიშნა, რომ ამაში უპირველესად, “პრეზიდენტი” და მისი გუნდია დამნაშავე, რომელიც “რუსეთს აფხაზეთით ევაჭრება”:

«თუ ჩვენი ხელისუფლება ელჩის მხრიდან მსგავს რიტორიკას უშვებს, ესე იგი, ჩვენ ეს დავიმსახურეთ! რა “ლაკმუსის ქაღალდზეა” აქ საუბარი? - საუბარია ჩვენი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნებაზე! თუ მივცემთ ბიჭვინთას, მის კვალდაკვალ კი ყველაფერ დანარჩენსაც, რაც გაგვაჩნია, ვინ უნდა გვცეს პატივი და გაგვიწიოს ანგარიში?! იმაზე, რაც ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, უნდა ვთქვათ მკაფიო “არა” და არა ფეხქვეშ გავეგოთ და დავუკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა და ხუშტური! ჩვენი პრეზიდენტი კი სწორედ იმიტომ ვაჭრობს ასე ადვილად ჩვენი ქვეყნით, რომ მისთვის წუთიც არ უბრძოლია: როცა სხვები ომობდნენ, ასლან ბჟანია მშვიდად ისვენებდა მოსკოვში. მისგან განსხვავებით, მე სხვა ქვეყანა არ გამაჩნია და თუ ბჟანია აფხაზეთს გაყიდის, წასასვლელი არსად მექნება!».

მისმა ყოფილმა კოლეგამ ალხას ჯინჯოლიამ კი მოუწოდა დე ფაქტო ხელისუფლებას, ბიჭვინთაში მიწები ადგილობრივებს დაუნაწილოს და ასე მაინც იზრუნოს როგორც მათ შენარჩუნებაზე, ისე მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე:

“სსრკ აღარ არსებობს, ჩვენ კი რატომღაც ვაგრძელებთ საუკეთესო მიწების საბჭოური მოდელით გაჩუქებას... გადაეცით ბიჭვინთის საუკეთესო მიწები ხალხს და თავად გადაწყვეტს, რა მოიმოქმედოს. წარმოგიდგენიათ, რამდენი ოჯახი დაბინავდებოდა ამ ფართობზე? ახლა დაამატეთ აიბღა, საკალმახე მეურნეობის ტერიტორია [რომელიც რუსეთმა უკვე განისაზღვრა თავის საკუთრებად – რედ.]… [რუსეთის ე.წ. ელჩმა – რედ.] უკვე პრაქტიკულად დაგვიანონსა კიდევ 20-დე მსგავსი პროექტი – ასე ვთქვათ, შესასრულებლად სავალდებულო პუნქტები, ხომ? და ნურავინ დამიწყებს საუბარს ოპოზიციონერობაზე – აქ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის კინკლაობის თემასთან, არამედ ჩვენი ხალხის მომავალთან გვაქვს საქმე და ვშიშობ, ეს ბოლო მცდარი მოსახვევი შეიძლება, აღმოჩნდეს!”.

ჯინჯოლიამ მოუწოდა თანამემამულეებს, გაიხსენონ “მუჰაჯირობა” და «Абхазпереселенстрой». “დარწმუნებული ვარ, რუსეთის მოთხოვნა უძრავი ქონების უცხოელებზე გასხვისების დაშვების თაობაზე უცილობლად გამოიწვევს მიგრაციულ პროცესებსა და დემოგრაფიულ კატასროფას” – დასძინა მან.

მომავალ კვირას ახალი ორგანიზაცია მოქალაქეთა დიდ შეკრებას გეგმავს. პარალელურად დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება ბიჭვინთის საკითხზე რუსეთთან დადებული შეთანხმების “პარლამენტიდან” გაწვევისა და გაუქმების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S