
სამთავრობო უწყებების მიერ პიარისთვის გაწეული ხარჯები
11/10/2019 07:33:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონაცემებით, საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის გაწეული ხარჯი ყოველწლიურად იზრდება. კერძოდ, საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 2018 წელს (194
უწყების პიარსამსახურში 1037 დასაქმებული), 2017 წელთან შედარებით (194 უწყების პიარსამსახურში 996 დასაქმებული), დაახლოებით, 4%-ით არის გაზრდილი.
ყველაზე მრავალრიცხოვანი – 73 თანამშრომელი მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული. მეორე ადგილზეა თავდაცვის სამინისტრო, რომლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში 51 ადამიანი მუშაობს. მესამე ადგილს იკავებს საქართველოს განათლების სამინისტრო 49 დასაქმებულით.
პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 194 უწყებიდან მიღებული ახალი ინფორმაციის დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ 2018 წელს საბიუჯეტო უწყებების პრესსამსახურში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურება 1.9 მლნ ლარით არის გაზრდილი.