
რუსი ოლიგარქის ბიზნესი, რომლის ღირებულებაც 2 მლრდ გრივნაზე მეტია, ARMA-ს გადაეცა
02/09/2022 09:58:05 ევროპა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აქტივების მოკვლევისა და მართვის სააგენტოს გადასცა ვინიცაში დაკავებული რუსი ოლიგარქის ბიზნესი, რომლის ღირებულებაც 2 მილიარდ გრივნაზე მეტია.
უწყების პრესსამსახური აზუსტებს, რომ საუბარია კომპანიაზე, რომელიც სპეციალიზირებულია საყოფაცხოვრებო ქიმიკატების წარმოებაში. მისი მფლობელი რუსი ოლიგარქია, სახელისუფლებო პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი.
„საწარმოს უმაღლესი მენეჯმენტი სასაქონლო ფასეულობის დამალვას ცდილობდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, მათ დაიწყეს უკრაინიდან აქტივების გატანის პროცესი რუსი მფლობელის ინტერესებიდან გამომდინარე. СБУ-ს ჩარევის წყალობით, სქემა გამოაშკარავდა და შეჩერდა“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
СБУ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების დაყადაღება სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში განხორციელდა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, საწარმოს ხელმძღვანელობა საომარ პირობებში პროდუქციის ექსპორტს წითელი ჯვრის სიმბოლოების გამოყენებით ცდილობდა.
რუსი ოლიგაქრის ვინაობას СБУ არ ასახელებს.
ცნობისთვის: უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ რუსული კორპორაცია AFK Sistema-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმირ ევტუშენკოვის აქტივების კონფისკაცია გადაწყვიტა.