
ხერსონსა და ენერგოდართან ოკუპანტების საარტილერიო სისტემები, საწყობი და ასეული გაანადგურეს - უკრაინის გენშტაბი
02/09/2022 17:02:36 ევროპა
ოკუპირებული ხერსონისა და ენერგოდარის რაიონებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 3 საარტილერიო სისტემა, საბრძოლო მასალის საცავი და ოკუპანტების ასეული,– ნათქვამია უკრაინის გენშტაბის მიერ საღამოს გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამავე წყაროს ცნობით, „ოკუპანტებმა დაჭრილები ხერსონის რაიონის სოფელ ბოროზენსკოეს მახლობლად არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, თუმცა სამედიცინო დახმარების არაადეკვატური დონის გამო, დამპყრობელთა უმეტესობა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა“.
ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ ოკუპანტები წარუმატებლად აგრძელებენ შეტევას ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ. კერძოდ, თავდასხმები მოგერიებულია სოლედარის, ბახმუტსკოეს, ვესელაია დოლინას დასახლებების მიმართულებით. „კადიროველები“ ზაიცევოსა და მაიორსკის მიმართულებით წინსვლას ცდილობენ.
„საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“,– აღნიშნავს გენშტაბი.