
“თითოეული გოჯი მიწისთვის სისხლი დაიღვრება, მოხდება მკვლელობები!” - აფხაზეთში საპროტესტო ტალღა იზრდება
02/09/2022 17:24:55 კონფლიქტები
ბიჭვინთის დასაკუთრება პირადად პრეზიდენტ პუტინის სურვილს წარმოადგენს. ეს ფაქტი, რომელზეც აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია რუსულ მხარესთან შესაბამისი შეთანხმების გაფორმების შემდეგ თავის მართლებისას მიანიშნებდა, ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხეილ შურგალინმა ორიოდ დღის წინ ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრაზე უკვე ოფიციალურად დაადასტურა.
“ბიჭვინთაში არა უბრალოდ მაღალჩინოსნები, არამედ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაისვენებს და ალბათ, გესმით, რომ იქ ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა მოვაწყოთ, აფხაზური მხარე კი თავისი რესურსებით ამას ვერ უზრუნველყოფს” – ასე დაუსაბუთა რუსმა დიპლომატმა ქალებს ბიჭვინთის საუკეთესო მიწებისა და სანაპირო ზოლის, სულ 301 ჰა ტერიტორიისა და მასზე განთავსებული ობიექტების პირადად პუტინს დაქვემდებარებული უწყების – დაცვის სახელმწიფო სამსახურის (ФСО) საკუთრებაში გადაცემის “აუცილებლობა”. “გამოდის, ბიჭვინთას ვლადიმირ პუტინის დასვენების გამო უნდა შეველიოთ?!” - აღშფოთდნენ შეხვედრის მონაწილეები. მაგრამ შურგალინმა მათ პროტესტს აფხაზეთისთვის ხელფასების, პენსიებისა და შემწეობების დაფინანსების, ასევე მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეწყვეტისა და რუსული ბაზების გაყვანის მუქარით უპასუხა. “ეს პირდაპირი შანტაჟია?!” - კიდევ უფრო აღშფოთდნენ ქალები. მაგრამ “ელჩისა” და მის უკან მდგომი პუტინისთვის აფხაზური მხარის ემოციებს მნიშვნელობა აშკარად არ აქვს. “შანტაჟი? - მე ასე არ ვიტყოდი, თუმცა როგორც გენებოთ, ისე აღიქვით” – ასეთი იყო “მეგობრული და მოძმე” რუსეთის ოფიციალური წარომადგენლის ბოლო სიტყვა.
და მართალია, “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია საკითხის ფორმალურ მხარეზე აქცენტირებით კვლავინდებურად ირწმუნება, რომ რუსეთისთვის მიწის გადაცემაზე საუბარი არაა და რომ ФСО-ს მხოლოდ ყოფილ სახელმწიფო აგარაკ “ბიჭვინთის” შენობა-ნაგებობები გადაეცემა, თუმცა ბავშვსაც კი ესმის, რომ საუკეთესო მიწებზე, რომლებიც პუტინმა თავისად იგულა, რომლებიც რუსებმა უკვე შემოღობეს, მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებაც დაიწყეს და მოსახლეობას ახლოსაც აღარ უშვებენ, ФСО-ს საკუთრებაში გადაცემის შემდეგ ხალხს ვეღარასოდეს ექნება წვდომა.
ბიჭვინთის ირგვლივ პროტესტი გრძელდება. მაგრამ მარტო ბიჭვინთაზე როდია საუბარი: რუსებმა უკვე გაიფორმეს საკუთრებად მაღალმთიანი აიბღა, თვალი დაადგეს ყოფილი საკალმახე მეურნეობის ელიტურ ტერიტორიასაც და როგორც ჩანს, ამ უკანასკნელთან მიმართებაში ბიჭვინთის შემთხვევის მსგავსად, უკვე ასლან ბჟანიაც დაიყოლიეს.
თუმცა ესეც მხოლოდ “პროლოგია” – “სტრატეგიულ მეგობარს” გაცილებით მასშტაბური გეგმები აქვს, მთელი აფხაზეთის დასაკუთრება სურს და ამას დიდად აღარც მალავს. სწორედ ამას ემსახურება “კანონმდებლობების ჰარმონიზების გზით ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შექმნის პროგრამაც”, რომლის 45 პუნქტის რატიფიცირებას მოსკოვი აფხაზურ “პარლამენტს” მზარდი ზეწოლით აიძულებს. და თუ წინა – მე-6 მოწვევა უცხოელებისთვის (რუსეთის მოქალაქეებისთვის) აფხაზური “მოქალაქეობის” გამარტივებული წესით მინიჭების, მათთვის მიწისა და სხვა უძრავი ქონების, ასევე სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის საკანონმდებლო აკრძალვის მოხსნაზე ვერა და ვერ დაიყოლია, ახალ მოწვევასთან, რომლის შემადგენლობაშიც ასლან ბჟანიას გაცილებით მეტი “თავისი კადრი” ჰყავს, მოსკოვი საერთო ენის ბევრად უფრო მარტივად გამონახვას ვარაუდობს.
ახალი “დეპუტატები” არდადეგებზე ისე გავიდნენ, ბჟანიას მიერ ბიჭვინთის ირგვლივ რუსებთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება არ მოუხდენიათ და ხალხის მოსალოდნელი პროტესტის პირობებში პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად დოკუმენტი “კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით” საკონსტიტუციო სასამართლოს გადაულოცეს. თუმცა პასუხისმგებლობის აღება არც ამ უკანასკნელმა ისურვა და განაცხადის “ხარვეზებით შედგენის” მოტივით ხელშეკრულება საკანონმდებლო ორგანოს დაუბრუნა. ამასობაში “საპარლამენტო” არდადეგები დასრულდა და “დეპუტატებს” რატიფიცირების საკითხის განხილვა თუ პირველ სესიაზევე არა, მეორეზე მაინც მოუწევთ. იგივე ეხება მოსკოვიდან გამოგზავნილი 45-პუნქტიანი “ჰარმონიზაციის პროგრამის” სადავო პუნქტებსაც.
რუსეთი აფხაზეთს აშკარად აჩქარებს. მას შემდეგ, რაც ხალხმაც და დე ფაქტო ხელისუფლებამაც ჩანასახშივე უარყვეს “სტრატეგიული მოკავშირის” წინადადება, აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესულიყო, გააქტიურდა რუსეთ-ბელარუსის ე.წ. საკავშირო სახელმწიფოსთან მიერთების თემა. მისი მხარდაჭერა გაოხატეს რუსულ სატელევიზიო ეთერებში ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ, ხოლო შემდეგ – დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინალ არძინბამ. მოსკოვი რომ ამის წინააღმდეგი არაა, ფაქტია. თუმცა კრემლი იყო ამჯერადაც იდეის გამააქტიურებელი, თუ თავად სოხუმმა წამოაყენა წინადადება, – ჯერ ბოლომდე არ გარკვეულა.
ადგილობრივი ანალიტიკოსი ალხას თხაგუშევი არ გამორიცხავს, რომ ეს სოხუმის ხელისუფლების ერთგვარი საპასუხო ინიციატივა იყოს იმ მიზნით, რომ მოსკოვს აფხაზეთის პირდაპირ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანაზე შეეწყვიტა საუბარი.
“ის, რომ რუსეთი აფხაზეთთან მიმართებაში აქტიურად ახორციელებს თავის დღის წესრიგს, ფაქტია. რამდენად აქტუალურია სადღეისოდ ამ რუსულ დღის წესრიგში აფხაზეთის საკავშირო სახელმწიფოში შეყვანის თემა, ჩემთვის უცნობია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვადასხვა რუსი სპიკერები არცთუ დიდი ხნის წინ აფხაზეთის პირდაპირ რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის საკითხს აყენებდნენ, აფხაზეთიდან კი მკაფიოდ უარყოფითი პასუხი მიიღეს (როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და საზოგადოების მხრიდან), შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ საკავშირო სახელმწიფოს შემადგენლობაში შესვლის ინიციატივა სოხუმმა მოსკოვს ალტერნატივად შესთავაზა” – განმარტავს ანალიტიკოსი.
ამასთან, თხაგუშევი ასლან ბჟანიას მიერ ამ თემაზე საუბრისას იმის აღნიშნვაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ეს უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს. მისი აზრით, ეს სოხუმის მხრიდან რუსული ზეწოლისგან თავის დაღწევისა და დროის გაწელვის ერთგვარი მცდელობა შეიძლება, იყოს:
“სოხუმმა, როგორც ჩანს, შესთავაზა მოსკოვს, “მოდით, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანის ნაცვლად, საკავშირო სახელმწიფოში შესვლის (უფრო გრძელვადიანი) ვარიანტი განვიხილოთო” – იმ იმედით, რომ მანამდე (უკრაინაში) ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი”.
რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, აფხაზეთის პირდაპირი ანექსია გაცილებით მარტივად და სწრაფად გადასაჭრელი ამოცანა იქნებოდა. ამაზე ამ დღეებში სახელწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე ზატულინმაც მიანიშნა:
"საკავშირო სახელწიფოში აფხაზეთის მიღებას ბელარუსის მიერ აფხაზეთის “დამოუკიდებლობის” აღიარებაც ესაჭიროება და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრთა თანხმობის მიღწევაც იმაზე, რომ საერთო საბაჟო ზონაში მიიღონ რესპუბლიკა, რომელსაც არ აღიარებენ".
შესაბამისად, მოსკოვი ზეწოლას ზრდის და აფხაზების აზრი არ ადარდებს, რაც მისი “ელჩის” თავხედურ განცხადებებსა და უგვანო ტონშიც გამოიხატა. მაგრამ არც მოსახლეობა აპირებს უბრძოლველად დანებებას. რა თქმა უნდა, არსებობენ კოლაბორაციონისტებიც, რუსულ სადეზინფორმაციო პროპაგანდას აყოლილი გზააბნეული მოქალაქეებიც, რომელთა სამართავად სოცქსელების აფხაზურ სეგმენტში ბოლო დროს საგრძნობლად გააქტიურდნენ ე.წ. ტროლები. მაგრამ ფაქტია, რომ საპროტესტო ტალღა არათუ არ ცხრება, პირიქით, დღითიდღე იმატებს.
აფხაზეთში მიწის, სხვა უძრავი ქონებისა და სტრატეგიული ობიექტების რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის შესაძლო საკანონმდებლო დაშვების მიმართ პროტესტს მთელი რიგი საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვალდაკვალ ღიად აფიქსირებენ პოლიტიკური გაერთიანებებიც, რომელთაც ამ დღეებში «აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმიც» შეუერთდა.
როგორც ფორუმის თავმჯდომარე ასლან ბარციცი აცხადებს, ეს გეგმა, რომლის რეალიზებასაც ასლან ბჟანიას ხელისუფლება ცდილობს, დაასამარებს პროექტს სახელწოდებით “დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფო”:
“აფხაზი ხალხისთვის ვასალური და მონური ფსიქოლოგია მიუღებელია. აფხაზები ყოველთვის იბრძოდნენ თავისი იდენტობისთვის, უფლებებისთვის, მიწისთვის. ეს ფუნდამენტური ფასეულობებია, რომლებზეც უარი სამშობლოს ვერც ერთმა პატრიოტმა ვერ უნდა თქვას. სხვა სამშობლო უბრალოდ არ გაგვაჩნია, ხოლო თუ კონსტიტუციაში გაწერილ ფუძემდებლურ პრინციპებს არ დავიცავთ, ჩვენ მას დავკარგავთ […]".
ამასთანავე, ბარციცის აზრით, მიწის უცხოელებზე (რუსეთის მოქალაქეებზე) გასხვისების დაშვების შემთხვევაში “თითოეული გოჯი მიწის გამო მკვლელობები დაიწყება":
"წარმოიდგინეთ, რა დაიწყება აფხაზეთში, თუ ღმერთმა არ ქნას და მიწის ყიდვა-გაყიდვას დავუშვებთ: მივიღებთ 1990-იანების რუსეთს და კიდევ უარესს, დაიწყება მკვლელობები, ადამიანების ფიზიკური განადგურება ერთი გოჯი მიწისათვის... ეს გვინდა, მივიღოთ?!".
როგორც ოპოზიციონერი აღნიშნავს, "მთელი მოსახლეობა აღშფოთებულია ხელისუფლების მიერ მის ზურგსუკან საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღების მცდელობებით, რუსეთის ელჩის განცხადებებით და იმით, რომ როგორც აფხაზეთის, ისე რუსეთის მმართველი გუნდები რუსი დიპლომატის ტონზე დუმილით რეაგირებენ".
"მოვლენები შესაძლოა, ძალზე სწრაფად განვითარდეს და თუ არ შევაჩერებთ, ამჟამინდელი ჩვენი მმართველები ისტორიაში შევლენ ადამიანებად, რომლებმაც დაანგრიეს აფხაზეთი და ხალხის ოცნება, დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო აეშენებინათ!” - დასძენს ბარციცი.