
ევროკომისია: „გაზპრომი“ იტყუება“
02/09/2022 18:35:02 ევროპა
ევროკომისია თვლის, რომ რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ ცრუ საბაბით განაცხადა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ დახურვის შესახებ.
"გაზპრომის დღევანდელი განცხადებაიმის შესახებ, რომ კვლავ ხურავს „ჩრდილოეთ ნაკადს“ ცრუ საფუძვლებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის, როგორც მიმწოდებლის არასანდოობას. ეს ასევე დასტურია რუსეთის ცინიზმისა, რადგან მას ურჩევნია გაზის აფეთქება კონტრაქტების შესრულების ნაცვლად", - თქვა ევროკომისიის სპიკერმა ერიკ მამერმა.
რუსეთმა „ჩრდილოეთის ნაკადი“ გაურკვეველი დროით დახურა.
როგორც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, გაზის სატუმბ ბლოკზე ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა:
„როსტექნაძორმა გააფრთხილა კომპანია, რომ აღმოჩენილი გაუმართაობა არ იძლეოდა გაზის ტურბინის ძრავის უსაფრთხო მუშაობის საშუალებას. ამიტომ, ვიდრე ნავთობის გაჟონვა მთლიანად არ აღმოიფხვრება, რაც მხოლოდ სპეციალიზებული სარემონტო სამუშაოების პირობებშია შესაძლებელი, „ჩრდილოეთის ნაკადი“ არ იმუშავებს“.
რუსეთმა 31 აგვისტოს შეწყვიტა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება. კომპანია „გაზპრომი“ მიზეზად ასახელებდა ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოებს და აცხადებდა, რომ გაზის მიწოდება შეწყვეტილი იქნებოდა 3 სექტემბრის 04:00 საათამდე.
„გეგმური ტექნიკური მომსახურების“ გამო, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება ათი დღით, ივლისშიც შეუწყვიტა. უფრო ადრე, ივნისის შუა რიცხვებიდან, „გაზპრომმა“ ევროპის მომარაგება 40%-მდე შეამცირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სანქციების გამო, კანადამ არ დააბრუნა „სიმენს“-ის ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. ეს ტურბინები კანადიდან ივლისის შუა რიცხვებში ჩაიტანეს გერმანიაში, საიდანაც რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია.
კრემლმა „გაზის ომი“ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ წამოიწყო ევროკავშირის ქვეყნების მიერ კიევის მხარდაჭერის პასუხად. გერმანია, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის ძირითადი მიმღებია, მოსკოვს ადანაშაულებს გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში.