
უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გათავისუფლებულია 3 დასახლებული პუნქტი – ზელენსკი
05/09/2022 05:45:12 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში გათავისუფლებულია სამი დასახლებული პუნქტი. კონკრეტულად რომელი, ზელენსკის არ უთქვამს.
4 სექტემბერს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ტერიტორიული თავდაცვის 103-ე ბრიგადის 63-ე ბატალიონის მებრძოლებს, რომლებმაც დონეცკის ოლქში შედეგი უზრუნველყვეს და დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ზელენსკის განცხადებითვე, 54-ე ბრიგადამაც წინ წაიწია ლისიჩანსკი-სევერსკის მიმართულებით და გარკვეული სიმაღლეები დაიკავა.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, 42-ე მოტოქვეითი ბატალიონის გმირული მოქმედებების წყალობით, ორი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული ქვეყნის სამხრეთშიც.
4 სექტემბერს მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ცნობები, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაიბრუნეს ხერსონის ოლქის დაბა ვისოკოპოლიეზე. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობას ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
უკრაინის არმია ივლისის ბოლოდან აწარმოებს კონტრშეტევას ხერსონის ოლქში, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს.