„რთულ ვითარებაში აღმოჩნდა“: რა ხდება კადიროვის თავს?

05-09-2022 17:23:45 კავკასია ,ანალიზი

3 აგვისტოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა თანამდებობის დატოვების სურვილი მორიგ ჯერზე საჯაროდ მოულოდნელად გააჟღერა. მოტივაცია კი გაამყარა არგუმენტით, რომ დიდი ხანია, რესპუბლიკას ხელმძღვანელობს და რომ „უვადო და ხანგრძლივი შვებულება" დაიმსახურა.

„უკვე 15 წელია ვხელმძღვანელობ რესპუბლიკას. როგორც ჩანს, უკვე მოხუცი ვარ. ამიტომ, მგონია, რომ ჩემი დროც დადგა, სანამ გამაგდებდნენ. უკვე დავიწყეთ ამაზე ფიქრი და ვეცდებით დროულად წავიდე“, - განაცხადა კადიროვმა "ტელეგრამზე" გავრცელებული ვიდეომიმართვისას.

იმავე დღეს მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მას რუსეთის შინაგანი ჯარი - "როსგვარდია" ჩააბარონ, თავად „როსგვარდიის“ ამჟამინდელმა ლიდერმა ვიქტორ ზოლოტოვმა კი სერგეი შოიგუ შეცვალოს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე.

ინფორმაციისთვის: ამ მოვლენებს წინ უძღოდა კადიროვის "მუსლიმების სხვაგვარი მოქმედებით" მუქარა კრემლისადმი. რაც მოჰყვა რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ექსტრემისტულ მასალებად ეცნო "სახიხ ალ–ბუხარი" –წინასწარმეტყველ მუჰამადის ცხოვრებისა და მოღვაწეობის აღმწერი წყარო, რომელსაც მუსლიმი მეცნიერები თავისი მნიშვნელობით ყურანის შემდეგ მეორედ მიიჩნევენ.

რუსეთში პროცესზე დამკვირვებლებს ხსენებულ ცნობებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, თუმცა თანხმდებიან, რომ როგორც კი კადიროვი ჩეჩნეთს ჩამოშორდება, არათუ მისი გავლენები, ფიზიკური არსებობაც კი დადგება არსებითი რისკის წინაშე.

მაგალითად, პუტინის ყოფილი „სფიჩრაითერი“, პოლიტტექნოლოგი აბას გალიამოვი ერთის მხრივ, თვლის, რომ რუსეთში მძაფრი შიდა პოლიტიკური კრიზისი იკრებს ძალას, ხოლო პუტინი აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც მისგან კონკრეტულ ქმედებას ითხოვენ, მაგრამ მას როგორც ბრძოლის ველზე, ისე ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური კრიზისის კონტექსტში არაფრის შეთავაზება შეუძლია. ამ ფონზე კი მის წინააღმდეგ მყარდება განცდა, რომ „მოხუცი უკვე გამოუსადეგარია“. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი, განხორციელდეს გაუგებარი, ულოგიკო საკადრო ცვლილებები გარკვეული მოლოდინების შესაქმნელად, რაც საკუთარი „თამაშის“ წამოწყების მსურველ პოლიტიკურ ელიტას დააბნევს, „პუტინი ახალ თამაშს იწყებსო“, ხელისუფლებას კი „ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს“. მეორეს მხრივ, პოლიტტექნოლოგი ფიქრობს, რომ პუტინს და კადიროვს ერთმანეთისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ, ამიტომ, ორივეს აქვს საფუძველი, ერთმანეთის ეშინოდეთ:

„კადიროვი მეტად დამოუკიდებელია, ვიდრე პუტინის სხვა „პაიკები“. ამასთან, ის პუტინზე არანაკლებ დაზიანდა ომის შედეგებით: კადიროვი რუსულ პოლიტიკაში წლების განმავლობაში იყო ბრუტალური ძალის მანიფესტანტი. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო და რომ სასურველს აუცილებლად მიიღებდა. სწორედ ამაზე იდგა მისი ძალაუფლება, „კადიროველების“ ბიზნესები, პოლიტიკური სტაბილურობა ჩეჩნეთში და უკრაინაში ეს იმიჯი უცაბედად გაცამტვერდა. შესაბამისად, ჩეჩნეთშიც, სადაც მის მიმართ ძალიან ბევრი ადამიანი შიშის გამო იყო ლოიალურად განწყობილი, ყველაფერი მოძრაობაში მოვიდა, „რისი გვეშინია? ქაღალდის ლომი ყოფილაო!“.

მისი ხედვით, შექმნილ ვითარებაში კადიროვს ქმედება სჭირდებოდა და მის მიერ ვიდეოს გამოქვეყნება თანამდებობის დატოვების სურვილის თაობაზე, ამით უნდა ყოფილიყო განპირობებული:

„დომინირებას დაჩვეულ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოულოდნელად აღმოჩნდებიან ფსკერზე, ხშირად ემართებათ ასე: ესმით, რომ რაღაც უნდა გააკეთონ, მაგრამ რა, არ იციან, რადგან ამ მდგომარეობას არ არიან ნაჩვევი. იწყებენ ფართხალს; ცდილობენ დაღწევას და სისულელეს სჩადიან. ამგვარად არის კადიროვიც. ეგონა, ჩეჩნები ეცემოდნენ, „ძვირფასო მამავ, ნუ წახვალო!“. მაგრამ ასე არ მოხდა. იმავდროულად, გავრცელდა ცნობები, თითქოს მას „როსგვარდიაში“ ნიშნავენ. არ ვფიქრობ, რომ პუტინს კადიროვი მანდ სჭირდება: ეს სტრუქტურა თავდაცვის ბოლო ხაზია პუტინისთვის, ამიტომ, უწყებას მისი 100%–იანი ნდობით აღჭურვილი პირი უნდა ხელმძღვანელობდეს. ხოლო ზოლოტოვისა და პუტინის ურთიერთობებში პრობლემების შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს და ამ პირობებში ის ცბიერი მოთამაშით შეიცვალოს, ნამდვილად არ არის პუტინის ინტერესებში. ამასთან, არსებობს ცნობები, რომ მას პირდაპირ კი არ ნიშნავენ ხსენებულ თანამდებობაზე, არამედ მოვალეობის შემსრულებლად. ჩვენ კი ვიცით, რომ მოვალეობის შემსრულებელი რუსეთში მარტივად მოსაცილებელია. ამდენად, თუ კადიროვი ამ შეთავაზებას დასთანხმდება, პუტინზე გახდება დამოკიდებული და მეორეს მხრივ, მას ჩეჩნეთს ჩამოაშორებენ, მიუხედავად იმისა, ვინ დაინიშნება ჩეჩნეთში, თუნდაც კადიროვის „მარჯვენა ხელი“ დელიმხანოვი. ამ უკანასკნელსაც თავისი ინტერესი აქვს. ეს ცბიერ კადიროვს ესმის, არაა იდიოტი, არც იმდენად ენდობა პუტინს, რომ საკუთარი თავი მიართვას. ამდენად, ის მარტივ ვითარებაში არ აღმოჩნდა: უარი უთხრას პუტინს? ეს კონფლიქტია და კონფლიქტი სიტუაციაში, როდესაც დასუსტებული ხარ, კარგი აზრი არაა. ხოლო თუ შემოთავაზებას დასთანხმდები, შესაძლოა, დაიკარგო“.

"წავა სადაც ეჯავრებათ?"

რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიანტკოვსკიც ფიქრობს, რომ კადიროვის ჩეჩნეთიდან ჩამოშორება სურთ, თავად კადიროვმა კი „თამაში“ წამოიწყო და რომ თანამდებობის დატოვების შესახებ მხოლოდ ცრუ განცხადება მოვისმინეთ:

„რუს ძალოვანებთან წავა, სადაც ის ეჯავრებათ? არ მგონია! კადიროვს კარგად ესმის, რომ ტყვიაზე „დასმას“ უპირებენ და იწყებს საკმაოდ რთულ თამაშს – ძალაუფლება გაინაწილოს პუტინის რუსეთში. ეს ცრუ განცხადებაა. მოსკოვში არ წავა: მას ბევრი მოსისხლე მტერი ჰყავს, მას ვერ იტანენ რუსი ძალოვანებიც“.

„Кавказский Узел“–ის მთავარი რედაქტორის გრიგორი შვედოვი კი ის მუსლიმური ტექსტის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე ამახილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ კადიროვის ქმედება კრემლის დაშანტაჟებას უფრო ჰგავს:

„მუსლიმანური ტექსტის ირგვლივ სკანდალი მიემართება ერთის მხრივ, რუსეთში მცხოვრებ მუსულმანებს, როგორც მინიმუმ 10 მილიონ ადამიანს, მეორეს მხრივ – ახლო აღმოსავლეთის ელიტას – სამეფო ოჯახებს, რომლებთანაც კადიროვს ურთიერთობა აქვს. მუსულმანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტის ირგვლივ კონფლიქტის ფონზე კადიროვი ამბობს, „მე საერთოდ მზად ვარ, წავიდეო“. ვფიქრობ, ეს იგივეა, რაც ადრეც გაუკეთებია კადიროვს, როდესაც ფსონს ზრდის და საკუთარი საკითხის გადაჭრას ცდილობს. ამ შემთხვევაში ეს სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებაა. ერთ შემთხვევაში მან მიზანს მიაღწია – სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმეს სახალინში. მეტიც, პუტინმა მაშინ კანონმდებლობაში რიგი ცვლილებებს ინიცირება მოახდინა, რომ არ შეიძლება წმინდა ტექსტის აკრძალვა და ეს ცვლილებები მიიღეს. თუმცა ეს გადაწყვეტილებები [ძველი და ახალი] განსხვავდება – თათრეთი მუსლიმანური რეგიონია და ტექსტიც ესმით. ვფიქრობ, აქ შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას [მიზნის მიღწევის კუთხით]. ექსპერტების აზრიც ორად გაიყო, რადგან თათრეთი მნიშვნელოვანი რეგიონია“.

ამდენად, მისი ხედვით, კადიროვს სურს, ყურადღება მიიპყროს და მოირგოს მუსლიმი ლიდერის, ისლამური ტექსტის დამცველის იმიჯი.

"მამის ბედი ელის. კადიროვმა იცის, ვინ მოკლა მამამისი"

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მინისტრთა კაბინეტის დევნილი თავმჯდომარე ახმედ ზაკაევიც გამორიცხავს კადიროვის ჩეჩნეთიდან გადასვლას, დარწმუნებულია რა, რომ ამ შემთხვევაში მას მამამისის ბედის გაზიარება ელის:

„მას მსგავსი განცხადება წარსულშიც არაერთგზის გაუკეთებია და როგორც წესი, ამას მოჰყვება ხოლმე ჩეჩნეთში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების მოედანზე გამოყვანა და აქციები, თხოვნით, დარჩეს თანამდებობაზე. ვფიქრობ, ეს პუტინის წინაშე ერთგვარი კეკლუცია (დაიკმაყოფილოს ეგო და აწიოს საკუთარი „წონა“, იცის რა, რომ ის ხალხს ეჯავრება). კადიროვის ჩეჩნეთიდან სადმე გადასვლას გამოვრიცხავ: მას ძალიან კარგად ესმის, რომ როგორც კი ჩეჩნეთის მთავარი უზურპატორის თანამდებობას ჩამოშორდება, მაშინვე მოკლავენ რუსი ძალოვანები (როგორც მამამისი მოკლეს რუსეთის სპეცსამსახურებმა და ეს კადიროვმაც კარგად იცის. მასაც იგივე ბედი ელის, როდესაც პუტინი მისგან დისტანცირდება) – ის ძალიან ფასეული ინფორმაციების მატარებელი და ცოცხალი არაფერში სჭირდებათ“.

ამასთან, ზაკაევი მიიჩნევს, რომ რუსეთის პოლიტიკაში კადიროვის როლზე გაზვიადებულ წარმოდგენებს რიგი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ქმნიან, რეალურად კი ის პუტინის ხელქვეითია:

„ის რომ პუტინმა მისი მისამართით გაკეთა რიგი განცხადებები, მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ კადიროვი ტყავიდან „ამომძვრალიყო“ და შეექმნა დანაყოფები უკრაინაში წარსაგზავნად, რადგან პუტინს და რუსეთის არმიას რეალურად უდგას კრიზისი – „სახორცე მასალის“ დეფიციტი აქვთ. ამ კუთხით კი ეს სუბიექტი [კადიროვი] მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც შეეხება იმგვარ საკითხებს, როგორიცაა რუსეთის მომავალი, რეფორმები, ამჟამინდელი კრიზისი ... აქ კადიროვის როლი ჟურნალისტების და იმ პოლიტიკოსების მიერ არის გაზვიადებული, რომლებიც ამ ვითარებაზე აკეთებენ კომენტარებს. რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში მას იცნობენ როგორც ბანდიტს, მაგრამ არა იმგვარს, რომელსაც პროცესებზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები