რუსეთი სამხედრო დანიშნულებით იყენებს საბავშვო ბაღებს და ტაძრებს – უკრაინის გენშტაბი

06-09-2022 10:04:48 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გამთენიისას რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკის ოლქის ქალაქების, ბახმუტის და კონსტანტინოვკის სამოქალაქო ობიექტებზე. კონკრეტულად რა დაიბომბა, გენერალური შტაბი არ ასახელებს.

მის მიერ დილით გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, გასულ 24 საათში, მოწინააღმდეგემ უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელა საერთო ჯამში, 3 სარაკეტო და 35-ზე მეტი საავიაციო დარტყმა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე საბავშვო ბაღების შენობებს და ტაძრებს იყენებს პირადი შემადგენლობის და ტექნიკის განთავსებისთვის და ჰოსპიტლად. კონკრეტულად დასახელებულია ხერსონის ოლქის დასახლებულ პუნქტებში, ვერხნი როგაჩიკსა და კრასნი მაიაკში მდებარე საბავშვო ბაღი და მოსკოვის საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ტაძარი და ხარკოვის ოლქში მდებარე წმინდა სამების ეკლესია.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, სახმელეთო და საავიაციო ძალები განაგრძობენ ოპერაციებს, რათა არ დაუშვან უკრაინის სიღრმეში მოწინააღმდეგის გადაადგილება და მოიგერიონ სარაკეტო და საავიაციო დარტყმები. გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელეს 30-ზე მეტი დარტყმა. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსი სამხედროების დანაკარგები ჯერ დაზუსტების ეტაპზეა.

News

Other news