
თავდაცვის სამინისტრო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ კონტექსტს"
11/10/2019 13:59:18 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2017-2018 წლების პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული ანგარიში არ ასახავს რეალურ კონტექსტს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შესაძლოა, რომ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდეს მიზნად.
„მოგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 2017-2018 წლების პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მიერ პიარსამსახურების თანამშრომლების რაოდენობისა და მათი ანაზღაურებისთვის ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს რეალურ კონტექსტს და ქმნის ყალბ შთაბეჭდილებას, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით პერსონალი და ხარჯები მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლოა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდეს მიზნად.
თავდაცვის სამინისტროში „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის“ რიცხოვნება 2016 წლიდან პრაქტიკულად არ გაზრდილა. 2016 წელს მოხდა მსგავსი ფუნქციების მქონე დანაყოფების - „სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტისა“ და „მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს“ გაერთიანება, შეიქმნა „სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი“. ამასთან, გაერთიანების შემდეგ, საშტატო ერთეულების რაოდენობა შემცირდა. ამდენად აღნიშნული დეპარტამენტი არის ორი დეპარტამენტის გაერთიანების შედეგი და მოიცავს როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს. დეპარტამენტისთვის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს მოქალაქეთა მისაღები, სადაც წარმოდგენილია საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლები და რომელიც საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას ემსახურება. სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება ნატოსა და საქართველოსთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანიც თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირებაა.
2014 წელს ვარშავის სამიტზე ნატოსა და საქართველოს შორის შეთანხმებით, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარება ერთ-ერთ იმ მიმართულებად დასახელდა, სადაც ალიანსი საქართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მხარს უჭერს. ზოგადად, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად ახორციელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომას, რომელიც მოიცავს საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ თავდაცვას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სტრატეგიული კომუნიკაციები. თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ადექვატური რეაგირების მიზნით ასევე, მნიშვნელოვანია საინფორმაციო გარემოს ანალიზისა და მონიტორინგის შესაძლებლობების განვითარება. ამ კუთხით, თავდაცვის სამინისტრო ევროკავშირთან თანამშრომლობით მაქსიმალურად ავითარებას აღნიშნულ მიმართულებას“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2018 წელს 194 საჯარო უწყების პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 2 მილიონ ლარით გაიზარდა, რაც 10%-მდე ზრდას წარმოადგენს წინა წელთან შედარებით.
კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი - 73 თანამშრომელი, მედიასთან/საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროშია დასაქმებული, მას თავდაცვის სამინისტრო მოსდევს - 51 თანამშრომელი, შემდეგ არის განათლების სამინისტრო - 49 თანამშრომელი, თბილისის მერია - 43 თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტრო - 41 თანამშრომელი, პარლამენტი - 36 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტრო - 21 თანამშრომელი, შსს-ს აკადემია - 20 თანამშრომელი, ცესკო - 16 თანამშრომელი, რუსთავის მერია - 16 თანამშრომელი.
პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს - 1 185 962 ლარი, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი 1 114 251 ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტრო 1 053 271 ლარი. თბილისის მერიას კი ამ მიმართულებით 931 281 ლარი აქვს გამოყოფილი.