
პრორუსული წყაროები ბალაკლეაში რუსული ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ იუწყებიან
07/09/2022 12:16:19 ევროპა
პრორუსული ტელეგრამ–არხები, რომლებიც აშუქებენ უკრაინაში ვლადიმირ პუტინის მიერ გაჩაღებულ ომს, იუწყებიან ბალაკლეაში (ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარე ქალაქი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული) რუსული ჯარების ალყაში მოქცევის შესახებ. უკრაინის არმია რეგიონში კონტრშეტევას ახორციელებს.
ასევე იტყობინებიან ქალაქთან მდებარე უკრაინის უდიდესი სამხედრო საწყობების გათავისუფლების შესახებაც.
უკრაინის არმიამ სამშაბათს, 6 სექტემბერს, იერიში მიიტანა რუსული ჯარისკაცების ფლანგზე, ბალაკლეის რაიონში, იზიუმთან ახლოს. 7 სექტემბერს, დილით, რუსმა სამხედრო ჟურნალისტმა იური კოტენოკმა განაცხადა, რომ ბალაკლეაში ალყაში მოექცნენ სამარასა და ბაშკირის რუსეთის გვარდიის სპეცრაზმის გაერთიანებული რაზმები. მისი თქმით, მათთან კომუნიკაცია შეწყდა.
ბალაკლეას გარეუბანში, რომელიც რუსულმა ჯარებმა მარტში დაიპყრეს, განთავსებულია, უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარაკეტო–საარტილერიო დირექტორატის საბრძოლო მასალის შესანახი ყველაზე დიდი ბაზა.
პრორუსული არხები ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინული ჯარების მიერ ბალაკლეას მახლობლად სოფელ ვერბოვკას გათავისუფლების შესახებ, სადაც მსხვილი რუსული არსენალია ბაზირებული. ამ ინფორმაციას ომის შემსწავლელი ამერიკული კვლევითი ინსტიტუტიც ადასტურებს.
უკრაინის ხელისუფლება ცნოებებს არ ავრცელებს. როგორც განიმარტა, სამხრეთით რამდენიმე ახალი პუნქტის დეოკუპაცია მოხდა, თუმცა გენშტაბი ინფორმაციას ტერიტორიების ნაღმებისა და დივერსიული ჯგუფებისგან გაწმენდის შემდეგ გააჟღერებს.