
უკრაინელებმა ხერსონში ოკუპანტებით და ტექნიკით დატვირთული ბარჟა ჩაძირეს – სარდლობა "სამხრეთი"
07/09/2022 12:45:58 ევროპა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რაიონში გაანადგურეს ბარჟა, რომლის ბორტზეც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ,– იუწყება უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი".
ამავე წყაროს ცნობით, უკრაინელი დამცველების საცეცხლე კონტროლის ქვეშ კახოვკას ხიდის შეკეთება შეუძლებელია.
„როდესაც მტერი გოლაი პრისტანის მიდამოში ალტერნატიული გადასასვლელის გაჭრას ცდილობდა, განადგურდა ბარჟა ბორტზე მყოფი დამპყრობლებითა და განთავსებული სამხედრო ტექნიკით“,– ნათქვამია შეტყობინებაში.
შეტყობინებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 30 დამპყრობელი და 2 ქვეითი საბრძოლო მანქანა. ბერისლავის რაიონში რუსული საბრძოლო მასალის საწყობი ლიკვიდირებულია.
მანამდე "სამხრეთმა" გააჟღერა ცნობა, რომ ხერსონის რეგიონში ყველა სტრატეგიული ხიდი გამოუსადეგარია მძიმე ტექნიკის გასავლელად.