
პუტინს საახალწლო საჩუქარი დაუპატიმრეს
08/09/2022 07:06:07 ევროპა
რუსმა ოლიგარქებმა საახალწლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს იახტა „შაჰერეზადა“ აჩუქეს. მისი მშენებლობა 583 მილიონი ევრო დაჯდა,– იუწყება საგამოძიებო ცენტრი „დოსიე“.
მიმდინარე წლის მაისში აღნიშნული იახტა იტალიის პორტ მარინა დი კარარაში დააკავეს. იტალიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იტალიის ფინანსური პოლიციის გამოძიების თანახმად, იახტა დაკავშირებულია რუს მაღალჩინოსან, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება. იტალიის ხელისუფლებისადმი მიწერილ წერილში რუსმა ბიზნესმენმა ედუარდ ხუდაინატოვმა განაცხადა გემის მფლობელობის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ხუდაინატოვი შეძლებული კაცია, ის არც ისე მდიდარია, რომ ერთდროულად რამდენიმე სუპერიახტის ყიდვა შეძლოს, წერს „დოსიე“ ევროპული ქვეყნების ხელისუფლების გამოძიებაზე დაყრდნობით.
ხუდაინატოვი, როგორც ირწმუნებიან, „ნდობით აღჭრვილი პირის როლს ასრულებს ვლადიმირ პუტინისა და მისი გარემოცვის წევრებისთვის. მის სახელზე ფორმდებოდა ძვირადღირებული იახტები, რომლებითაც თავად არ სარგებლობდა “.
ის ასევე გახლავთ ფორმალური მფლობელი იახტა Amadea–ს, რომელიც აშშ–ის ხელისუფლებამ დააკავა როგორც მილიარდერ კერიმ სულეიმანის საკუთრება და 135–მეტრიანი ხომალდის Crescent–ს, რომელიც ესპანეთში დააკავეს როგორც იგორ სეჩინის საკუთრება.
ევროკავშირის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ „შაჰერაზადას“ იახტის ღირებულება 583,1 მილიონ ევროს აღემატებოდა. იახტის მშენებლობისთვის ხუთმა კომპანიამ გადაიხადა:
· Alera Assets – 225,9 მლნ ევრო;
· Diams Overseas – 288,4 მლნ ევრო;
· High Definition – 60 მლნ ევრო;
· Imperial Yachts – 3,9 მლნ ევრო;
· Onda Mare – 3,9 მლნ ევრო.
„დოსიეს“ მტკიცებით, ამ ოფშორული კომპანიებიდან ერთი მაინც შეიძლება, პირდაპირ იყოს დაკავშირებული რუს ბიზნესმენებთან. გამომძიებლები კომპანიის მფლობელად ასახელებენ Summa–ჯგუფის თანამფლობელს ზიავუდინ მაგომედოვს. პროექტის უსახელო წყარო ირწმუნება, რომ მაგომედოვი არის ერთ-ერთი ოლიგარქი, რომელმაც პუტინს „შაჰერეზადა“ აჩუქა.
გამოცემის ცნობით, იახტისთვის ფული მილიარდერმა გენადი ტიმჩენკომ შეაგროვა.
ის, რომ იახტა შესაძლოა, პუტინს ეკუთვნოდეს, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანამოაზრეებმაც დაწერეს.
მათ გაარკვიეს, რომ იახტის ეკიპაჟის წევრთა სიაში მყოფთა უმეტესობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი საპრეზიდენტო რეზიდენციებში და კიდევ ერთ გრაციოზულ იახტაზე მუშაობდა, რომელიც ასევე პუტინთან იყო დაკავშირებული.