Accentnews.ge
«სჯობდა, ქართველებს მოვლაპარაკებოდით»: სექტემბერი აფხაზეთისთვის გადამწყვეტი იქნება

«სჯობდა, ქართველებს მოვლაპარაკებოდით»: სექტემბერი აფხაზეთისთვის გადამწყვეტი იქნება

08/09/2022 13:38:48 კონფლიქტები

სექტემბერი აფხაზეთისთვის საბედისწერო თვე იქნება. ამ დასკვნამდე მიდიან პროცესებზე დაკვირვების შედეგად ადგილობრივი ექსპერტები და ანალიტიკოსები.

და საქმე აქ არა მარტო იმ სკანდალშია, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ობიექტების კომპლექსის რუსეთის საკუთრებაში დაგეგმილი გადაცემის ირგლივ აგორდა. საქმე მოულოდნელად გაერთიანებულ აფხაზურ საზოგადოებაშია, რომელიც მედგრად ეწინააღმდეგება როგორც ბიჭვინთის გასხვისებას, ისე ზოგადად რუსეთის ზრახვებს.

აფხაზების მოტივაციის გასაგებად რიგი მნიშვნელოვანი მომენტების ცოდნაა აუცილებელი.

სიტუაციები, რომლებიც აფხაზურ საზოგადოებას ცუდ დასასრულს უწინასწარმეტყველებდა, ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფოს განვითარების ბოლო 30 წლის განმავლობაში საკმარისზე მეტი იყო. მაგრამ აფხაზები, რომელთაც მთელი გულით სურდათ, დაეჯერებინათ სასწაულის სახელწოდებით «უფროსი რუსი ძმის სიყვარული და დაცვა», მწარედ ცდებოდნენ. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში: რუსეთი იძლეოდა ფულს და თითქოს ვერ ამჩნევდა, რომ აფხაზი ჩინოსნები მას ჯიბეებში ინაწილებდნენ, აფხაზეთი კი დუმდა.

ერთი წამითაც არ ვეცდები იმ აფხაზი ჩინოსნების მართლებას, რომლებმაც რუსულ დახმარებაზე მშვენივრად მოითბეს ხელი და მეტიც, რუსულ ქალაქებში ბინები და სახლებიც შეიძინეს. მაგრამ რიგით მოქალაქეებს ამ დახმარებით კარგი არაფერი უნახავთ. რუსეთი სულ უფრო მეტ თანხებს იძლეოდა, მაგრამ რიგითი მაცხოვრებლების ყოფა სულ უფრო მძიმდებოდა, ცხოვრება სულ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა ჩინოსნების მადის ზრდასთან ერთად და მოსახლეობა ვერაფერს ცვლიდა. რევოლუციებს მხოლოდ უარესი შედეგი მოჰქონდა და საბოლოო ჯამში, ხალხმა საკუთარი თავის რწმენა საბოლოოდ დაკარგა.

რუსებს ეს ყველაფერი აწყობდათ — მხოლოდ ასე შეეძლოთ ომის დროს გაერთიანებული აფხაზური საზოგადოების დაქსაქსვა და სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ მათ ეს წარმატებით გამოუვიდათ. მორიგი რევოლუციის მომენტისთვის ხალხი რამდენიმე ნაწილად იყო გაყოფილი და მორიგი მმართველი გუნდის დასაკომპლექტებლად ერთმანეთთან დაპირისპირებული ბანაკების წარმომადგენლების შეკრება გახდა საჭირო. ცხადია, ეს ფაქტორი კიდევ უფრო მეტ ზიანს აყენებდა სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ აღარ იყო. ქვეყნის მართვას შეუდგნენ ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთი სძულდათ. შედეგად მიიღებოდა გადაწყვეტილებები არა აფხაზეთის სასარებლოდ, არამედ მოწინააღმდეგეთა დასაზიანებლად.

შეცდომების მთელმა წყებამ მიგვიყვანა კოლაფსამდე, რომელიც დღეს მხოლოდ ბრმისთვის თუა შეუმჩნეველი. რუსები ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ, აფხაზეთზე «ზრუნვის» საფარქვეშ პერმანენტულად გვიქმნიდნენ ხან ერთ კრიზისს, ხან მეორეს და საჭირო მომენტს ელოდნენ. ყოველმხრივ დასუსტებულ აფხაზეთს ყველა პრობლემა ერთბაშად დაატყდა თავს, ერთმანეთში მოკინკლავე აფხაზი ჩინოსნები კი კრემლის ხაფანგში აღმოჩნდნენ და საბოლოოდ ჩამოშორდნენ აფხაზურ საზოგადოებას.

«პირადი სარგებლის მისაღებად ჩვენმა ჩინოსნებმა რუსეთს ყველა პირობის შესრულებაზე მოუწერეს ხელი, თვალი დახუჭეს იმაზე, რომ ეს პირობები ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და ჩვენს მომავალს ანადგურებს. იცით, რატომ უწოდებს ასლან ბჟანია თავს აფხაზეთის უკანასკნელ პრეზიდენტს? - იმიტომ, რომ აფხაზეთის ბედი უკვე გადაწყეტილია და მან ამაში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა!», - თვლის ჩვენი რესპონდენტი ილია.

«სხვას რას ველოდით ადამიანისგან, რომელიც მანამდე ყოველთვის მოსკოვში მუშაობდა? სამშობლოსადმი სიყვარულს?! - ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ბჟანიას დაუსახეს ამოცანა, რომელიც მან წარმატებით შეასრულა — ჩააბარა ჩვენი სამშობლო რუსეთს, — სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ! მებრალებიან ჩვენი დაღუპული გირები. რუსების მონობას ქართველებთან მოლაპარაკება სჯობდა. მე ასე ვთვლი», - აღშფოთებულია ჩვენი თანამოსაუბრე ანჟელა.

«ალბათ, მოღალატედ გამომაცხადებენ, მაგრამ ვთვლი, რომ სჯობდა, ქართველებთან გვეპოვა საერთო ენა. ასე ჩვენი ერის შენარჩუნების რაღაც შანსი მაინც გვექნებოდა, რუსებთან ერთად კი უცილობელი განადგურება გველის. ისინი უკვე დაკავდნენ ჩვენი ახალგაზრდობით, უკვე ამბობენ, რომ აფხაზეთში თურმე, რუსული ენა არასაკმარისადაა წარმოდგენილი და რუსებს არასაკმარისი უფლებები აქვთ. ეს ყველაფერი მეტყველებს აფხაზი ხალხის დასასრულზე, რომელსაც უსამშობლოდ დარჩენა ელის. რუსეთის ნებით ძალიან მალე სტუმრებად ვიქცევით საკუთარ მიწაზე», - წუხს ჩვენი რესპონდენტი ირაკლი.

ორიოდ დღეში აფხაზეთის პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკთან დაკავშირებული შეთანხმების რატიფიცირებაზე უნდა იმსჯელოს. თუ დოკუმენტი დამტკიცდა, მის კვალდაკვალ რუსეთი გაიტანს სხვა საკითხებსაც, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას. ამაზე ნათლად მეტყველებს რუსეთის ელჩის ამასწინანდელი განცხადებაც.

«…სახელმწიფო აგარაკის გასხვისების საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან წარმოადგენს ერთგვარ «ლაკმუსის ქაღალდს»: ამ ობიექტის მაგალითზე მთავრობა გამოიტანს დასკვნებს პარლამენტის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწისა და უძრავი ქონების მიყიდვის დაშვების შესაძლებლობის თაობაზე», – აღნიშნა მან.

რუსეთის მზაკვრული ჩანაფიქრის თანახმად, აფხაზეთი უკვე უახლოეს მომავალში უნდა დაადგეს თვითგანადგურების გზას. მაგრამ კრემლმა არ გაითვალისწინა რიგი ფაქტორები, რომელიც ამ ჩანაფიქრის განხორციელებას გაურთულებს.

აფხაზურმა საზოგადოებამ და უპირველესად ახალგაზრდობამ გადაწყვიტა, არ დანებდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს "მოძმე რუსეთის" ქმედებებს. დასაწყისისთვის დაგეგმილია პიკეტი პარლამენტთან. დეპუტატებს მოუწევთ, არა უბრალოდ პასუხი აგონ ამორჩევლების წინაშე, არამედ მზად იყვნენ ქვეყნის დასატოვებლად, თუ მხარს დაუჭერენ შეთანხმების რატიფიცირებას. რუსებს, რაღა თქმა უნდა, მოუნდებათ ჩარევა აფხაზი ხალხის შიდა საქმეებში და ეს ნაბიჯი მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინო მტკიცებულება იქნება აფხაზეთში რუსეთის რეალური ზრახვებისა — აფხაზების დამონებისა და რესპუბლიკის ტერიტორიის ანექსიისა.

ახალგაზრდობის პიკეტი სოხუმში, ფოტო აღებულია "Эхо Кавказа"-დან

უსისხლოდ, როგორც ჩანს, არ გამოვა, მაგრამ აფხაზები ამისთვის მზად არიან. საკუთარი ისტორიიდან გვახსოვს, რომ თავისუფლება არასოდეს მოდის მარტივად და მისი ფასი ყოველ ჯერზე იზრდება.

საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც სახელწიფო «აფხაზეთი» არ არსებობს, ალბათ, დიდი არაფერი მოხდება. მაგრამ თავად აფხაზებისთვის ეს იქნება ბრძოლა მომავალი თაობებისათვის, რომლებიც თუნდაც წლების შემდეგ, მაგრამ შეძლებენ, დაიცვან საკუთარი თავისუფლება და თვითგამორკვევის უფლება.

კრისტინა ავიძბა

_______________________________________________________________

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S