
პირველი სასწავლო კურსის კადეტთა საადაპტაციო პერიოდი დაიწყო
05/09/2022 14:50:09 თავდაცვა, რეკლამა
დღეს პირველი სასწავლო კურსის კადეტთა საადაპტაციო პერიოდი დაიწყო.
პირველი სასწავლო კურსის კადეტთა მშობლებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი და ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლები შეხვდნენ.
მშობლებს ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა თავიანთი შვილების წარმატებები მიულოცა.
შეხვედრისას ლიცეუმის თორმეტწლიან გამოცდილებაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, შინაგანაწესსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მოგვიანებით ლიცეუმის დირექციის წარმომადგენლებმა ლიცეუმის სასწავლო პროგრამის, კადეტთა შეფასების სისტემის, დისციპლინის, კადეტთა თვითმართველობის, სამეურვეო საბჭოს, კადეტთა და მშობლებთა უფლება-მოვალეობის შესახებ ისაუბრეს.
კადეტები სასწავლო პროცესის დაწყებამდე გაივლიან საადაპტაციო პერიოდს, გაეცნობიან ლიცეუმში არსებულ წესებს და მიეჩვევიან ლიცეუმში არსებულ დღის განრიგს. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში შექმნილი გარემო მაქსიმალურად არის ორიენტირებული კადეტთა უსაფრთხოებასა და მათ განვითარებაზე.
კადეტების ლიცეუმში სწავლება და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. ისინი უსასყიდლოდ არიან უზრუნველყოფილი სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობებით, სამხედრო და სპორტული ინვენტარით, სამხედრო ფორმებით, კვებითა და ჯანმრთელობის დაზღვევით.